ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო უწყებამ საქართველოს ექვსი მოქალაქე, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ჰქონდათ განთავსებული კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.
”საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს, შესაბამისად ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საერთო ჯამში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 20 ერთეული სათამაშო აპარატი”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.