საქართველოს პარლამენტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იუწყება, სამინისტრომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით შეიმუშავა. კოდექსის შემუშავებაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ. საქართველოს პარლამენტმა კოდექსი გუშინ პირველი მოსმენით მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, კოდექსის პროექტი სრულიად ახლებურად არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს. კერძოდ, მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების გაზრდა და მათი რანჟირება მასშტაბებისა და ზემოქმედების ხარისხის მიხედვით განხორციელდა.
დაინერგა სკრინინგის პროცედურა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქმიანობის განმახორციელებელს, დაზოგოს ფინანსური რესურსი და დრო იმისათვის, რომ წინასწარ არ მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) სრული ანგარიში ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც შესაძლოა გზშ-ს საერთოდ არ დაექვემდებაროს. სკოპინგის პროცედურით კი, საქმიანობის განმახორციელებელს მიეცემა შესაძლებლობა დაგეგმოს ბიუჯეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად და არ გაიღოს ზედმეტი ხარჯები ისეთი კვლევების ჩასატარებლად, რომელიც არ არის აუცილებელი გზშ-ს მოსამზადებლად. ასევე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელმაც ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, გამოეყო მშენებლობის ნებართვას, თუმცა ამავდროეულად საქმიანობის განმახორციელებელს მიენიჭა უფლება პარალელურ რეჟიმში გაიაროს მშენებლობის ნებართვის პროეცედურები.
სამინისტროს განცხადებით, კოდექსს შემოაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სიტემა იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორების დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით.
ასევე, კოდექსი ითვალისწინებს, სრულიად ახალი, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემოღებას რომლის შესაბამისად, საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით უცხო ქვეყნის გარემოზე ზემოქმედების დროს, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული სახელმწიფოს ჩართულობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სამინისტროს ინფორმაციით, სრულიად ახლებური მიდგომები ყალიბდება საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის სწორედ ის, რომ საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ინფორმირება და საჯარო განხილვის ორგანიზება იქნება არა საქმიანობის განმახორციელებლის, არამედ, სახელმწიფოს, კერძოდ, სამინისტროს ვალდებულება. ამით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფრო ეფექტური მონაწილეობა და ამასთან, საქმიანობის განმახორციელებლები გათავისუფლდებიან ამ ტვირთისგან“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, კოდექსი სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, ასევე მაქსიმალურად არის მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო სივრცესა და რეალობას.