ბანკები კი არ ფლობენ არაპროფილურ აქტივებს, აქტივებს ფლობენ ის აქციონერები, რომლებიც ფლობენ ბანკებს.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ გადაცემა ”ეკონომისტის დროში” საუბრისას განაცხადა.
საბანკო და არასაბანკო საფინანსო სფეროში არსებული პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრისას კიკორიამ განმარტა, რომ ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის წაყენებული მოთხოვნები ამ უკანასკნელთა მიერ არაპროფილურ აქტივების ფლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ყველა ბანკის მიერ შესრულებულია და ამ დროისთვის კომერციული ბანკები, როგორც იურიდიული პირები ე.წ არაპროფილური აქტივებს აღარ ფლობენ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, იურიდიული მხარე სფეროს რეგულირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რასაც ახლო მომავალში სხვა ცვლილებებიც მოყვება.
”გვაქვს ასეთი მოცემულობა - ერთის მხრივ, საბანკო სექტორი, რომელიც წლის განმავლობაში გენერირებს სუფთა მოგებას, რომელიც ბოლო წლები რომ ავიღოთ, არის 600-700 მილიონი ლარის ფარგლებში. რა გვირჩევნია ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, ეროვნულ ბანკს, ყველას ერთად? ეს გენერირებული თანხა ხმარდებოდეს ისევ ქართულ ეკონომიკას ინვესტიციების სახით, თუ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, როცა ეს ფული ქვეყნის გარეთ გადის? ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყოველ დოლარს და თეთრს ვუფრთხილდებით და იმ გარემოს ვქმნით, რომ ქვეყანში ინვესტიციები განხორციელდეს.
მეორეს მხრივ, არსებობენ კომპანიები, რომლებიც თვლიან, რომ რადგან ბანკთან არიან კონკრეტული კომპანიები აფილირებული, ამ სექტორში მომუშავე სხვა კომპანიების უფლებები ილახება. ბუნებრივია, თუ ეს წუხილი არსებობს (და როგორც ვხედავთ, არსებობს) ამას სახელმწიფომ, ეროვნულმა ბანკმა გარკვეულწილად უნდა უპასუხოს.
ჰოლდინგების რეგულირების ის მოდელი, რომლის შეთავაზებაც გვინდა საზოგადოებისთვის, გულისხმობს იმას, რომ ერთი მხრივ, არ შევზღუდოთ ინვესტიციები, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ინვესტიციებისთვის გამჭვირვალე, დადგენილი თამაშის წესები არსებობდეს.
ეროვნულ ბანკს, უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, რომ ნახოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, - რა ფორმით, ვის მიერ მიიღება ეს გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოს ობიექტურობა გადაწყვეტილების მიღებისას. დღეს ჩვენი უფლებამოსილება შეზღუდულია მარტო უშუალოდ ბანკის მართვის რგოლით. ამ ცვლილებებით ჩვენ ვითხოვთ უფლებამოსილებას, რომ იმ ჰოლდინგური კომპანიების შემთხვევაში, რომელშიც ბანკი შედის, ასევე გვქონდეს წვდომა ინფორმაციასთან უკვე ჰოლდინგის დონეზე და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ის კომპანიები, სადაც ინვესტიციებია განხორციელებული, იყენებენ ბანკთან სიახლოვეს არასწორად ან არაკეთილსინდისიერად, შესაძლებელი იქნება ჩავერიოთ ამ პროცესში და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები გავატაროთ,” - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.