უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, 50-ის ნაცვლად, 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს უნგრული სტიპენდიით სარგებლობას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უნგრელმა კოლეგამ დღეს გამოთქვა ინიციატივა ასევე საშუალო განათლების მიმართულებით მათი მხრიდან სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე.
„განსაკუთრებული მადლიერებით მსურს გამოვყო თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომლითაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.
ამასთან, ორმაგად სასიხარულოა, რომ უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, 50-ის ნაცვლად, უკვე 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს ხსენებული სტიპენდიებით სარგებლობას. მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს იმისთვის, რომ მან დღეს გააჟღერა ინიციატივა ასევე საშუალო განათლების მიმართულებით მათი მხრიდან სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა საშუალო განათლების დონეზეც შეიძინონ პრაგმატული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.