ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ავიაკომპანიების მხრიდან ინტერესი ძალიან გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის 2017 წლის პირველი კვარტალი ძალიან წარმატებული იყო.
”რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, დაფიქსირდა 81%-იანი ზრდა. სამივე თვე ძალიან წარმატებული იყო. ვფიქრობთ, წლევანდელი ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე შარშანდელი”, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა დღეს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია ”ვიზეარის” პრეზიდენტ, ჯოზეფ ბარადისთან ერთად გამართა პრეკონფერენცია. ქეთევან ალექსიძის თქმით, აღნიშნულ კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.
”განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებებს, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები წინასწარ არ ამჟღავნებენ მიმართულებებს, როგორც კი შეთანხმებას მივაღწევთ, პირველი თქვენ გაიგებთ ამის შესახებ”, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს.
”არსებული ტენდენციები და მათ შორის, ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო ახალი საშუალება გახდა, რომლითაც ავიაკომპანიებს ვესაუბრებით. სულ რამდენიმე დღეში დაიწყება ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული საავიაციო ფორუმი, სადაც ჩვენი წარმომადგელებიც იმყოფებიან, დანიშნულია ბევრი შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ავიაკომპანიების მხრიდან ძალიან გაიზარდა ინტერესი. ვესაუბრებით რამდენიმე ავიაკომპანიას. ძირითადად, საუბარია 2018 წელზე. რა თქმა უნდა, არსებულ ავიაკომპანიებსაც ვესაუბრებით სიხშირეების დამატებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ ევროპულ მიმართულებებზე. რა თქმა უნდა, აზიური მიმართულებებიც საინტერესოა. ვფიქრობთ, არის ახალი შესაძლებლობები. ბოლო დღეებში ხელი მოეწერა ინდოეთთან შეთანხმებას ფრენებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს ბაზარი საქართველოსთვის ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს”, - აღნიშნა ქეთევან ალექსიძემ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ”ვიზეარის” პრეზიდენტმა ჯოზებ ბარადიმ ფრენის სიხშირისა და მარშრუტების გაზრდის შესაძლებლობაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ გაფართოების ჭრილში მოიაზრება როგორც ფრენის სიხშირის, ასევე მარშრუტების რაოდენობის გაზრდა.