„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი "საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის შესახებ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:"საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტთა პაკეტს მხარს ვუჭერთ, თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმებით შემდეგ საკითხებს:
1. ნასვამი პირების მიმართ სანქციების რეალურად არ გამკაცრებას. დღევანდელი ჩანაწერი (1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერება, სამი თვის შემდეგ 1000 ლარად დაბრუნება) არის ძალიან რბილი, პლიუს ვერ დავეთანხმებით, რომ მინისტრს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს აქვთ უფლება შეიწყალონ ესა თუ ის ადამიანი სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე და დაუბრუნონ მართვის მოწმობა მძღოლს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის აღნიშნული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან, ამ "ნაცნობობის სერვისით" ისარგებლებენ გავლენიანი პირები. მოკლედ რომ ვთქვათ ჩაწყობასთან გვექნება საქმე.
2. ავტოსკოლების თემა რჩება კვლავ ღიად, სადაც ხდება მომავალი მძღოლების მომზადება ხრიკებით, ანუ თეორიულ გამოცდას გაივლით ისე, რომ თუნდაც საგამოცდო ბილეთი შედგენილი იყოს თქვენთვის უცხო ენაზე თქვენ მაინც ჩააბარებთ, ანუ თუ იქ დახატულია მერსედესი პასუხია B, თუ იქ ხეა პასუხია A და ა.შ. საქმე გვაქვს სერიოზულ თაღლითობასთან მაშინაც, როდესაც გთავაზობენ 3 დღეში მართვის მოწმობის აღებას გარანტიით, სახლში მომზადებით და ა.შ. საბოლოოდ ვიღებთ ადამიანებს რომელთაც აქვთ მართვის მოწმობა ყოველგვარი ცოდნის გარეშე, რაც მათ აქცევთ პოტენციურ მკვლელებად. თუ ავტოსაგზაო შემთხვევების რეალურად შემცირება გვსურს, პირველ რიგში განათლებისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება.
3. ბავშვების გადაყვანა კვლავ დასაშვებია ვიღაცის კალთაში, მსგავს ჩანაწერს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. 3 წლამდე ბავშვი შეგიძლიათ ჩაისვათ კალთაში, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვზე საერთოდ არაფერია აღნიშნული. მხოლოდ 2016 წელს დასახიჩრდა 1019 ბავშვი და გარდაიცვალა 25. ამის შესახებ იმდენჯერ ვისაუბრე რომ აქ გაგრძელებას აზრი აღარ აქვს", - წერს დავით მესხიშვილი.