საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების „მუდისის“ და „სტანდარდ ენდ ფუარსის“ ხელმძღვანელებთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.
პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე.
„სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. მისი ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიური და ზრდადია.
კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტი 30 პროცენტით, ტურიზმი - 23 პროცენტით, ფულადი გზავნილების მოცულობა კი - 28 პროცენტით გაიზარდა. სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ.
შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც სრულად ემყარება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. აღნიშნული გეგმისა და მასთან დაკავშირებული რეფორმების მიმართ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა.
ასევე, აღინიშნა, რომ გეგმის ყველა მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის.
ყურადღება გამახვილდა საპენსიო სქემის, კაპიტალის ბაზრის ამოქმედების, განათლების რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) სქემის კანონმდებლობის მიღებისა და სხვა მიმართულებით“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.