SpaceX-ის თანამშრომლები - ილონ მასკი კვირაში 80-90 საათს მუშაობს და იგივეს ელის თანამშრომლებისგან

მსოფლიოში ათასობით ადამიანი ოცნებობს ისეთ კომპანიებში მუშაობაზე, როგორიც Tesla და SpaceX-ია.

ამის მიზეზი ბევრია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ალბათ ის არის, რომ ამ კომპანიების უკან მათი დამფუძნებელი, ინოვაციური იდეებით ცნობილი ილონ მასკი დგას.

თუმცა, ამერიკელი მილიარდერის კომპანიებში სამსახურის დაწყება არც ისე ადვილია.

წიგნში ”ილონ მასკი. Tesla, SpaceX და გზა მომავალში” ეშლი ვენსი წერს, რომ მასკი პირადად ატარებდა გასაუბრებას SpaceX-ის პირველ 1000 თანამშრომელთან, მათ შორის ლაბორანტებსა და დამლაგებლებთან. ახლა კომპანია გაიზარდა და ის მხოლოდ ინჟინრებს ხვდება პირადად გასაუბრებაზე. ისინი, ვინც გასაუბრებას გაივლის, წერენ ესსეს თემაზე, თუ რატომ სურთ SpaceX-ში მუშაობა, მასკთან შეხვედრის წინ კი იღებენ მოკლე წერილს:

”თავიდან ილონი, სავარაუდოდ, ცოტას ილაპარაკებს და მეილზე მიღებულ წერილებზე პასუხების წერას განაგრძობს. არ ჩავარდეთ პანიკაში. ეს ნორმალურია. შემდეგ ის თქვენ მოგიბრუნდებათ. შესაძლოა, თვალებში არც შემოგხედოთ ან არც შეგამჩნიოთ. არ ჩავარდეთ პანიკაში. ეს ნორმალურია. როდესაც საჭირო იქნება, ის დაგელაპარაკებათ”.

გასაუბრება შეიძლება გაგრძელდეს 30 წამი ან 15 წუთი. მასკი სვამს კითხვებს, ინჟინერული ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნას გთხოვთ. როგორც წიგნში ვენსი წერს, მასკს ძალიან მოსწონს ერთი გამოცანა: ”თქვენ დედამიწის ზედაპირზე დგახართ. შემდეგ გადიხართ ერთ მილს სამხრეთის, ერთ - დასავლეთის და ერთს - ჩრდილოეთის მიმართულებით. ამის შემდეგ თქვენ აღმოჩნდებით იმავე ადგილზე, საიდანაც მოძრაობას იწყებდით. სად იმყოფებით თქვენ?”

მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-ი თანამშრომლებს საუკეთესო უნივერსიტეტებში ეძებს, გასაუბრების დროს კანდიდატის განათლება მასკისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს:

”არაა აუცილებელი კოლეჯის დიპლომი ან სრული საშუალო განათლების ატესტატი. რა თქმა უნდა, თუკი ვინმეს კარგი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მას ჰქონდა შანსი მიეღო ისეთი განათლება, რომელიც დიდი საქმეებისთვის დასჭირდება, მაგრამ ეს არაა აუცილებელი. მე მაინტერესებს მხოლოდ უნარები და ის, თუ როგორ გამოიყენებოდა ისინი წარსულში”.

კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი კი ყვება, თუ როგორ უბიძგებს მასკი თანამშრომლებს აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

”როდესაც უბრალო მენეჯერი თანამშრომლებს ვადებს უწესებს, მასკი ცდილობს, რომ მისმა ინჟინრებმა მისივე გეგმების გამო პასუხისმგელობა საკუთარ თავზე აიღონ. ის არ ამბობს, რომ ”სამუშაო პარასკევის შუადღის 2 საათამდე უნდა შესრულდეს”. ის ამბობს, ”მე მჭირდება, რომ პარასკევის შუადღის 2 საათამდე თქვენ შეუძლებელი გააკეთოთ. შეძლებთ?” თუკი თქვენ დადებითად უპასუხებთ, მაშინ შეუძლებელს არა ვიღაცის ბრძანებით, არამედ საკუთარი თავისთვის გააკეთებთ. ეს განსხვავება ძალიან თვალშისაცემია. საკუთარი სამუშაოს შესრულებაზე თქვენ თანხმობა განაცხადეთ“, - ამბობს კომპანიის თანამშრომელი. 

მუშაობა დღეში 12 საათის განმავლობაში

მასკი კვირაში 80-90 საათს მუშაობს. ის მთლიანად საქმეში ეშვება და იმავეს მოელის თანამშრომლებისგან.

საიტ indeed.com-ზე, სადაც ადამიანები კომპანიების შესახებ გამოხმაურებებს ტოვებენ, SpaceX-ის ამჟამინდელი თანამშრომელი წერს:

” SpaceX-ში ჩვეულებრივი დღე - 12-საათიანი სამუშაო დღეა. თქვენ მოგიწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, ზოგჯერ კვირაში 60-70 საათის განმავლობაში”.

მასკი შაბათ-კვირასაც მუშაობს და ამავეს მოითხოვს პარტნიორებისა და თანამშრომლებისგან. ეშლი ვენსს Tesla-ს დირექტორთა საბჭოს წევრის სტივ ჯარვეტსონის სიტყვები მოჰყავს:

”მასკმა საკუთარი სამუშაო მაგიდა ყველას თვალწინ სპეციალურად დადგა. ის მუშაობს თითქმის ყოველ შაბათ-კვირას და სურს, რომ თანამშრომლები ხედავდნენ და იცოდნენ, რომ ყოველთვის შეუძლიათ მიმართონ მას. გარდა ამისა, იგი ხშირად ურეკავს მომწოდებლებს დასვენების დღეებში, რათა მათ იცოდნენ, რომ მასკი პირადად ატარებს მთელ დროს ქარხანაში, პროექტზე მუშაობაში და მათგანაც იმავეს ითხოვს”.

რას ფიქრობენ თანამშრომლები მასკზე?

კევინ უოტსონმა SpaceX-ში მუშაობა 2008 წელს, NASA-ში გატარებული 24 წლის შემდეგ დაიწყო. აი რას ამბობს ის მასკზე:

”ილონი უბრალოდ გენიოსია. ის პრაქტიკულად ყველაფერში მონაწილეობს და პრაქტიკულად ყველაფერი ესმის. თუკი ის კითხვას სვამს, შენ მალევე სწავლობ არ უპასუხო მომენტალურად. მასკს სჭირდება პასუხები, რომლებიც ფიზიკის ფუნდამენტალურ კანონებზეა აგებული. მას ძალიან კარგად ესმის რაკეტული ფიზიკა. ილონმა ეს ძალიან კარგად იცის. აღფრთოვანებული ვარ იმ ამოცანების სიღრმით, რომლების ამოხსნაც მასკს გონებაში შეუძლია”.