ამერიკული კომპანია „ჯენერალ მოტორსის“ აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა საავტომობილო კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მმართველია.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ხელფასი მკვეთრად შეუმცირდა, ბარას ანაზღაურებამ ჯამში 22.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
ანაზღაურების კლება ფაქტობრივია, თუმცა ის გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბარამ და „ჯენერალ მოტორსის“ სხვა მაღალი რანგის მენეჯერებმა წინა წელს, ეგრეთ წოდებული, წამახალისებელი საბონუსო ერთჯერადი აქციის სახით, კომპანიის აქციების ოპცია მიიღეს, რამაც მათი ანაზღაურება გაზარდა. ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლად, ბარას ანაზღაურება დაახლოებით 30 პროცენტით არის გაზრდილი.
ბარა საავტომობილი ინდუსტრიის ისტორიაში, კომპანიის მმართველი პირველი ქალია. ამერიკულ საავტომობილო გიგანტს ბარა სათავეში 2014 წელს ჩაუდგა, დანიშვნამდეც მას ავტოინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან მენეჯერ ქალად ასახელებდნენ.
2015 წელს მერი ბარა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების 50-ეულის სიაში მეცხრე ადგილზე გავიდა. ბარას სახელი პირველად ყურადღების ცენტრში იმ სკანდალის შემდეგ მოექცა, როცა „ჯენერალ მოტორსს“ ასეულობით ათასი ავტომობილის უფასო რემონტზე გაწვევა მოუხდა. მაშინ მან აღიარა, რომ კომპანიას დაუგვიანდა გაწვევის აქციის ჩატარება. უწესივრობა ანთების ჩამრთველის გაუმართაობას ეხებოდა, რამაც ჯამში 124 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამერიკულმა კომპანიამ მაშინ კომპენსაციის სახით, 600 მილიონი დოლარი გადაიხადა.
„ჯენერალ მოტორსმა“ შარშან რეკორდულად ბევრი, 10 მილიონი ავტომობილი გაყიდა. და ეს იმ დროს, როცა საშინაო ბაზარზე გაყიდვები შეუმცირდა. გარდა ამისა, კომპანიამ საოპერაციო მოგების სახით, რეკორდულად ბევრი, 12.5 მილიარდი დოლარის ხეირი ნახა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. ცნობისათვის, შვიდი წლით ადრე, „ჯენერალ მოტორსი“ გაკოტრების რეჟიმში მუშაობდა.
საავტომობილო კომპანიების მენჯერებს შორის, მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მმრთველი, „ფორდის“ მთავარი აღმასრულებელი მარკ ფილდსია, რომლის შემოსავალმაც 22.1 მილიონი დოლარი შეადგინა. „ფიატ კრაისლერის“ კანადელმა მმართველმა სერჯო მარკიონემ 9.9 მილიონი ევრო მიიღო.
ყველაზე მცირე ხელფასი „ტესლას“ ილონ მასკს ერგო, ვისაც მისივე კომპანიამ მხოლოდ 37 584 დოლარი გადაუხადა, რაც კალიფორნიაში კვირაში 80-საათიანი სამუშაოსთვის, მინიმალური ხელფასის ზღვარია. მასკს „ტესლას“ 33.6 მილიონი აქცია ეკუთვნის, რომელთა ჯამური საბაზრო ფასიც, დაახლოებით, 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.