მეტროს სადგურ ”უნივერსიტეტის” ტესტირება მაისში დაიწყება. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ განაცხადა, მეტროს სადგურ ”უნივერსიტეტში” სამშენებლო სამუშოები ფინალურ ფაზაშია შესული. ტესტირების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, სადგური სავარაუდოდ ზაფხულში გაიხსნება.
”სადგურის ტესტირება მაისში დაიწყება. ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა, ყველა დეტალი ძალიან დიდი სიზუსტით უნდა შემოწმდეს და დაიტესტოს. ტესტირების სავარაუდო ხანგრძლივობა ორი თვეა. ვფიქრობთ, ივნისში ტესტირებები უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სადგურს თბილისის მეტროპოლიტენს ოფიციალურად გადავცემთ. ისინი, სავარაუდოდ, შიდა ტესტირებას ჩაატარებენ, რათა ამ ყველაფრის სისტემასთან ინტეგრირება მოხდეს. თითქმის მთლიანი აღჭურვილობა დამონტაჟებულია - ექსკავატორები, ელექტრო მექანიკური დანადგარები... ძირითადი სამუშაო დასრულებულია. იწყება მოპირკეთება. ტესტირების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, სადგური, სავარაუდოდ, ზაფხულში გაიხსნება. ყველაზე ოპტიმალური და ობიექტური მოლოდინი იქნებოდა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სადგური ოპერირებაში იყოს შესული”, - განაცხადა გაგი ბუაძემ.