ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირების პირამიდის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ხუთშაბათს გამართულ რეფინანსირების აუქციონზე კვლავ გასცა ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე ერთკვირიანი სესხი 1,27 მლრდ, ერთთვიანი – 400 მლნ, და ერთდღიანი – 73 მლნ. ჯამურად, რეფინანსირების მოცულობამ ისტორიულ რეკორდს – 1,743 მლრდ მიაღწია და მ2-ის, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მონეტარული აგრეგატის, 28% შეადგენს.
რატომ აქვთ კომერციულ ბანკებს 1,743 მლრდ მოცულობით მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტი, რომელზეც პროცენტს კლიენტები და საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის ეკონომიკა იხდის?
ხუთშაბათს აუქციონზე აგრეთვე საბოლოოდ დადასტურდა, რომ გალარების პროცესი იყო მხოლოდ სიტყვიერად დასახელებული მოტივი ერთთვიანი რეფინანსირების სესხის 400 მლნ ლარის გასაცემად, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, საბანკო ოლიგოპოლიამ აბსოლუტურად სხვა დანიშნულებით გამოიყენა და მისი დაბრუნება ახლა უკვე 18 მაისამდე გადავადდა, ხოლო ცრუ მოლოდინების შექმნით ეროვნულმა ბანკმა გალარების პროგრამა ფაქტიურად ჩააგდო, ან ვერ ჩაატარა, რასაც 20% შედეგი ადასტურებს.
მეტიც, ეროვნულმა ბანკმა გალარების დებულებაში არც კი განუსაზღვრა კომერციულ ბანკებს, რომ ისინი ეროვნული ბანკისგან დოლარის რესურსს ზუსტად იმ კურსში მიიღებდნენ, რომლის მიხედვითაც თავად კომერციული ბანკები კლიენტებს გაულარებდნენ სესხებს. ყოველივე ამან სავალუტო ბაზარზე ხელფეხი გაუხსნა სპეკულაციებს საბანკო ოლიგოპოლიის მხრიდან და ლარის ზომაზე მეტად მკვეთრი გამყარება გამოიწვია, თან საბანკო ოლიგოპოლიამ ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდირებაც მსუყე ლუკმად შეირგო.
ამის შემდეგ აღმაშფოთებელი და იმავდროულად ცინიკურია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ბატონ მურთაზ კიკორიას განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე საბანკო ოლიგოპოლიას პრობლემები არ აქვს არც ლიკვიდობასთან და არც შემოსავლიანობასთან დაკავშირებით.
მეტიც, ეროვნულ ბანკს აღარც აინტერესებს, რატომ უჩნდებათ კომერციულ ბანკებს რეფინანსირების სესხზე კვირიდან კვირამდე ზრდადი მოთხოვნა, და ეს კვირებიც აღარ დასრულდა.
უფრო სწორედ, შეიძლება აინტერესებს, მაგრამ ზედმეტადაც თვლის, რომ საბანკო ოლიგოპოლიას რეფინანსირებასთან დაკავშრებით შეკითხვის დასმა გაუბედოს, რადგან ფაქტიურად თავად ეროვნული ბანკი არის ოლიგოპოლიების ხელშემწყობი ყველა ფინანსურ ბაზარზე.
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელსაც შეხება ჰქონია ანაბართან, სესხთან ან სავალუტო ტრანსაქციასთან, შეუიარაღებელი თვალითაც კი ხედავს, რომ ფასდადების პროცესი ოლიგოპოლიურია როგორც სავალუტო ბაზარზე, ისე ფულად-საკრედიტო ბაზარზე.
რაც ყველზე მთავარია: სანამ საბანკო ოლიგოპოლია მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის კვირიდან კვირამდე დაფარვისთვის ეროვნულ ბანკს იყენებს, რა პრობლემაა, რომ კვირიდან კვირამდე შემოსავლების გენერირება მოახდინოს?
რისი თქმა სურს ბატონ კიკორიას? იმის, რომ უთანასწორო კონკურენციის მიუხედავად მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კომერციული ბანკები მაინც ზემაღალ მოგებას გამოიმუშავებენ?
მოდით სხვა თვალით შევხედოთ – ოლიგოპოლიური პირობების გარეშე იქნებოდა საბანკო სექტორი ასე „ზეწარმატებული“?
– საბანკო ოლიგოპოლია ნიშნავს, რომ მომხმარებლებს აქვთ დანაზოგის განთავსების ერთადერთი ალტერნატივა ანაბრის სახით. სამაგიეროდ, საბანკო ოლიგოპოლიას ხელ-ფეხი აქვს გახსნილი, რომ მეანაბრეთა ფული დიდი მოგებით განათავსონ უპირველესად საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში, და აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს ობლიგაციებში. ამაზე ეროვნული ბანკი არა მხოლოდ თვალს ხუჭავს, არამედ უშუალო ხელისშემწყობია.
– საბანკო ოლიგოპოლია ნიშნავს, რომ კლიენტების საკრედიტო განაცხადების ერთადერთი ადრესატი თავად საბანკო ოლიგოპოლიაა. ბიზნესი მოკლებულია ფინანსური რესურსების მოზიდვის სხვა გზას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის მცირე და განსაკუთრებით საშუალო ბიზნესის განვითარებას, ხოლო მსხვილი ბიზნესი საბანკო ოლიგოპოლიის პირობებში იხვეჭს შეუზღუდავ ზეგავლენას სავალუტო და ფულად-საკრედიტო ბაზრებზე.
–საბანკო ოლიგოპლია ნიშნავს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს უჭირთ ეროვნულ ბაზარზე შემოსვლა – ვინც იყო, მანაც ქუდი დაიხურა, ხოლო მათ შედარებით იაფ ფინანსურ რესურსზე საქართველოს ეკონომიკას წვდომა აქვს მხოლოდ საბანკო ოლიგოპოლიის გავლით საკმაოდ ძვირ პირობებში.
რაც არ უნდა ზემოგებები გამოიმუშაოს საბანკო ოლიგოპოლიამ ასეთი გზებით, ქვეყნის ეკონომიკა ნამდვილად ვერ განვითარდება ევროპული გზით, რადგან ეკონომიკა ვერასოდეს მიიღებს საბანკო ოლიგოპოლიისგან იმდენს, რამდენითაც თავად საბანკო ოლიგოპოლია არის სასათბურო პირობებში ყოფნით განებივრებული.
უმოქმედო და არაფრის მაქნისია ე.წ. ბანკების ასოციაცია, რომლისგანაც 2008-2012 წლებში გვახსოვს, თუ როგორ მიატოვა საკუთარი ორგანიზაციის წევრებიც (პროგრესბანკი, ქართუბანკი, სტანდარტბანკი, სახალხო ბანკი) კი სახელმწიფო ძალადობის წინაშე, რითაც ფაქტიურად გზა გაუხსნა საბანკო ოლიგოპოლიას.
საქართველოს ეროვნული ბანკი არ ასრულებს სახელმწიფოს წარმომადგენელის როლს ფინანსურ ბაზრებზე, არამედ ის არის საბანკო ოლიგოპოლიის გარანტორი და ხელშემწყობი.
მეტიც, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბატონი კობა გვენეტაძე და ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია თავად ასრულებენ წამყვან როლს საბანკო ოლიგოპოლიის რეკლამირების პროცესში.
კაპიტალის ბაზარი, თუნდაც სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ვერ განვითარდება, სანამ ეროვნული ბანკი თავად ითავსებს სახაზინო სახლის ფუნქციას, რაც მან, საბანკო ოლიგოპოლიის კარნახით, ფაქტიურად მიიტაცა 2011–2013 წლებში. ასეთ პირობებში ეროვნული ბანკი, რომელიც თავად ატარებს აუქციონებს ე.წ. პირველად ბაზარზე, საკმაოდ კონკურენტულ ფასში აწვდის საბანკო ოლიგოპოლიას სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებს, ხოლო კერძო კლენტებს მხოლოდ მეორად ბაზარზე არაკონკურენტულ პირობებში აქვთ საბანკო ოლიგოპოლიისგან მათი შეძენის უფლება, რაზეც უკვე ეროვნული ბანკი თვალს ხუჭავს.
ჩემი აზრით, დღევანდელ ეროვნულ ბანკს არ გააჩნია კომპლექსური ხედვა თავის როლზე ეკონომიკურ პოლიტიკაში, მისი ქმედებები არის ფრაგმენტული, უკეთეს შემთხვევაში დაგვიანებული, ხოლო უარეს შემთხვევაში არათანმიმდევრული და უშედეგო.
ფინანსურ სექტორში აუცილებელია საბანკო სისტემის დეოლიგოპოლიზაცია და ეს პროცესი უნდა დაიწყოს ეროვნული ბანკის რეფორმით.
ამას წინ უნდა უსწრებდეს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის დასმა პოლიტიკურ დონეზე გალარების პროგრამის ჩაგდების, ლარიზაციის პოლიტიკის არაეფექტურად წარმართვის, არათანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის, ინსტიტუციონალური ნდობის დაკარგვის (იხილეთ IRI კვლევის შედეგები), რეფინანსირების პირამიდის და საბანკო ოლიგოპოლიის მფარველობის გამო," - წერს ასლანიშვილი.