საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ განაცხადა, საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა ერთობლივმა საწარმომ - ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ და ,,ჯეო იზოლი“.
მისივე ინფორმაციით, პირველი ეტაპისთვის გამწმენდი სამუშაოები ჩატარდება და ჩამოწოლილი მასის გადატანა მოხდება. პარალელურ რეჟიმში კონტრაქტორი დეტალური პროექტის დამუშავებას დაიწყებს.
”წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 3-ჯერ გამოაცხადა. პირველი - ადგილობრივი ტენდერი 2016 წლის 28 ივნისს გამოაცხადა, გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე. თუმცა, სატენდერო წინადადებები არ იქნა მიღებული, რადგან ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, შემოთავაზებული სატენდერო წინადადებების ფასები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეროვნული საკონკურსო ტენდერის სამუშაოებისთვის განსაზღვრულ თანხებს. შესაბამისად, საჭირო გახდა გამოცხადებულიყო ახალი საერთაშორისო ტენდერი. მეორე - საერთაშორისო ტენდერი 2016 წლის 23 აგვისტოს გამოცხადდა გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე, თუმცა წარმოდგენილი წინადადებები არ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს და საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდმა დონორთან - ევროპის საინვესტიციო ბანკთან შეთანხმებით ხელახალი ტენდერის გამოცხადებაზე მიიღო გადაწყვეტილება. მესამე - საერთაშორისო ტენდერი წელს, 19 იანვარს გამოცხადდა, ტენდერი 6 მარტს გაიხსნა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია - ერთობლივი საწარმო ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ და ,,ჯეო იზოლი“. იმის გათვალისწინებით, რომ წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთი დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, დიდი ყურადღების ცენტრშია და ხალხის უსაფრთხო გადაადგილებასთან გვაქვს საქმე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მთლიან სამუშაოზე პასუხისმგებლობა ერთ კომპანიას, ან ერთობლივ საწარმოს ჰქონოდა, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. ჩვენ მოვიძიეთ აღნიშნული კომპანის შესახებ ინფორმაცია. მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, კონკრეტულად მსგავსი ტიპის სამუშაოებში. ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გავაფორმებთ”, - განაცხადა გაგი ბუაძემ.
მისივე ინფორმაციით, კონტრაქტის თანახმად, პროექტი 13 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდში იმედოვნებენ, რომ სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სპეციალისტების ნაწილის მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც აღნიშნული მონაკვეთის სპეციფიურობიდან გამომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ საუბრობენ.
”ყველა თანხმდება, რომ ეს ფერდობი ძალიან საშიშია. არის გარკვეული რეკომენდაციები USAID- ის მიერ გაკეთებულ კვლევებში, რომელთა გათვალისწინება იმ კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც სამუშაოებს ვახორციელებთ კონტრაქტორისთვის სავალდებულო იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერავინ გასცემს გარანტიას, რომ ამ ფერდობზე არსად ძვრა არ მოხდება. იქ, სადაც სამუშაოების წარმოებაა დაგეგმილი და მომიჯნავე ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი და გარანტორი კონტრაქტორი იქნება, პროექტირებაზეც პასუხისმგებლობას კონტრაქტორი იღებს. თუმცა, ჩვენი თანხმობის გარეშე სამუშოებს ვერ დაიწყებს. პროექტს ექსპერტებთან განვიხილავთ. კონსესუსის მიღწევის შემდეგ გადავალთ მშენებლობის ეტაპზე”, - განაცხადა გაგი ბუაძემ.