"ქართული ხორბალი ისეთი ძვირი ღირს, სათესლედ მის ყიდვას ჯერაც ვერ ვახერხებთ. თუმცა, გენმოდიფიცირებული მოსავალი არავის მოგვყავს"
ბოლო წლებში დამკვიდრებული ტენდენცია - უცხოელების მიერ ქართული მიწების ყიდვა და დამუშავება - წნორში ყველაზე მეტად იგრძნობა. წლობით მიტოვებული მიწები და სახლები ინდოელებმა დიდი ხალისით შეიძინეს და ფეხიც მოიკიდეს. ამ სიტუაციის შემყურე ადამიანს შეიძლება უიმედობის განცდაც გაუჩნდეს, რომ ქართველმა კაცმა სამუდამოდ აიღო ხელი საკუთარი მიწის მოვლაზე, თუმცა საბედნიეროდ, არც ასეა საქმე. წნორშივე ბევრ ისეთ ქართველს შეხვდებით, რომელთაც არც მიწის ფასი დავიწყებიათ და არც ის, რომ სამოწყალოდ ხელის გაწვდენა სამარცხვინოა. არც კუკური მჭედლიშვილს დაუნებებია მიწა სხვისთვის - 15 ჰექტარამდე მაშინ შეიძინა, როცა იქაურობა ყამირად იყო ქცეული. დღეს ამ მიწაზე ვაჟთან ერთად მუხლჩაუხრელად შრომობს.
- მიკვირს, ჩვენმა ხალხმა სარჩოს მომცემი მიწები სხვას რომ დაანება. რატომ და რისთვის? როცა ჩვენი წნორიც ისე დაიცალა, როგორც სხვა კუთხეები, როცა შევარდნაძის მთავრობამ გამოაცხადა, იჯარა გადაიხადეთ და რამდენიც გინდათ, იმდენი მიწა აიღეთ და იშრომეთო, იჯარით იმდენი ფართობი ავიღე, იმასაც კი ვფიქრობდი, მოვლა გამიჭირდება-მეთქი, მაგრამ მიწა რის მიწაა, ფეხზე არ დავეყენებინე. იმხანად მოწეული მოსავლით განადგურებული პირუტყვის ფერმა შევიძინე, გავმართე და დღეს მოსავლის დასაბინავებლად ვიყენებ. ბეღელი დიდი ქონებაა, ალოობისას კლიენტი ყოველთვის ცდილობს, მარცვლეულზე ფასი დააგდოს. ამ დროს ვისაც სათავსი არა აქვს, იძულებული ხდება, თავისი ნაშრომი ჩალის ფასად გაყიდოს. ეს, ჩემი აზრით, დიდი უსამართლობაა. კაცი რომ თავის ნაწვალებს ჩალის ფასად გადააგდებს და მერე ბანკში გარბის მომავალი მოსავლისთვის ვალის ასაღებად, რასაც მოიგებს, ბანკში შეაქვს და თავად რაღა დარჩება?!
- ცნობილია, რომ წნორელებს საუკეთესო ხორბალი და ქერი მოჰყავთ. ამ მარცვლეულის საუკეთესო მომყვანად კი თქვენ ითვლებით.
- შეიძლება. მე ჯეჯილს უყურადღებოდ არ ვტოვებ, ისევე როგორც ჩვილის მიტოვება არ შეიძლება. ამიტომაც ყველა დაავადებას ადრე შევამჩნევ ხოლმე და ვშველი. აი, ახლაც ჩემს ჯეჯილს ალაგ-ალაგ ჭრაქი შევამჩნიე და სასწრაფოდ შევიძინე წამალი, რომ სარწყავით დავუარო და შევასხა. რაც შეეხება მოსავლის რაოდენობას, წნორში ყველაზე მეტი მე როდი მომყავს - ზოგიერთს ასობით ჰექტარი მიწა აქვს ნაყიდი და მოსავალიქვს. ერთ რამეზე კი მწყდება გული - დღეს მიწის დასამუშავებელი თანამედროვე ტექნიკა იმდენი ღირს, რომ მას ჩემისთანა მცირე ფერმერები ვეღარ ყიდულობენ, უფრო მსხვილი ფერმერების ხელშია, ჩემისთანები კი ისევ საბჭოთა ტექნიკით მუშაობენ. როდემდე გაგვიძლებს ეს ტექნიკა, კაცმა არ იცის, ეს კი ბევრს გააჩერებს, რაც, არა მგონია, სახელმწიფოსთვის სახეირო იყოს - სადაც საშუალო ფერმერები არ არიან, იქ სოფელი ფეხზე ვერ დადგება. ამიტომაც მგონია, რომ სახელმწიფომ ამაზე უნდა იფიქროს და ტექნიკა რაც შეიძლება შეღავათით მოგვყიდოს.
ჩვენს კუთხეში ყველაფრის გამანადგურებელი სიცხეები იცის, არადა, კომუნისტების დროს გაყვანილი არხები რომ განადგურდა, იმის შემდეგ წნორის გასარწყავებაზე აღარავის უფიქრია. გვალვების გამო ხანდახან ისე უხმება ხალხს მოსავალი, რომ ჰექტარიდან 1 ტონა ხორბალი და 200-300 კილოგრამი მზესუმზირაც ვეღარ მოჰყავს.
წლეულს მთელი აპრილი ყველგან წვიმს და მაინცდამაინც წნორში არ ყოფილა ავდარი. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სიცხისგან, მაგალითად, მზესუმზირა ისეთი ჩაფერფლილი დახვედრია მეპატრონეს, რომ უთქვამს, მორჩა, ხელს აღარ გავანძრევო, მაგრამ მეორე წელიწადს ალოობის შემდეგ ისევ ფული უსესხია და აგვისტო-სექტემბერში მიწები მოუხნავს. ჩვენ, ძირითადად, საშემოდგომო ხორბალი მოგვყავს, რადგან გაზაფხულზე დათესილი ხორბალი ვეღარ ვავარგეთ - ზაფხულის გვალვები წამოეწევა და ერთიანად ამოხმება ხოლმე.
- ხორბალი თუ ქერი შედარებით გვალვაგამძლედ ითვლება, მაგრამ თუ მზესუმზირაც გვალვისგან ხშირად ფუჭდება, მაშ რატომ თესავთ?
- სხვანაირად ხორბლისა და ქერის დათესვა არ გამოდის - ხორბალი და ქერი მიწიდან აზოტს მთლიანად ითვისებს, ამიტომაც 2-3 წელიწადში ერთხელ აუცილებლად მზესუმზირით უნდა ჩანაცვლდეს, რადგან მზესუმზირა მიწას აზოტითა და იმ ნივთიერებებით ამდიდრებს, რაც ხორბალსა და ქერს სჭირდება. ზოგიერთი ხორბლის ჩასანაცვლებლად მზესუმზირას ყოველ წელიწადს თესავს.
- პროდუქციის გასაღებაზე მინდა გკითხოთ...
- ჩვენთან კლიენტები თვითონ მოდიან, უმეტესად ისინი, ვინც შემდგომში ჩვენს ხორბალს ყიდის. მოდიან გადამყიდველებიც, მაგრამ კლიენტი ფასის დაგდებას ცდილობს. მათი უმეტესობა მარცვლეულს ძალიან იაფად ყიდის - 35-40 თეთრად. რაც შეეხება მზესუმზირას, კილოგრამი სათესლე მზესუმზირა 2 ლარად იყიდება, ხოლო ზეთის გამოსახდელი - ლარად.
ხალხს თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტი ყელში აქვს ამოსული და ქართულს კითხულობს. წნორში სუფთა ქართული ზეთი რამდენიმე ადგილას მზადდება მცირე საწარმოებში. ამიტომაც გვჭირდება ხელშეწყობა წვრილ და საშუალო ფერმერებს.
- თვითონ თესავთ ქართული ჯიშის მარცვლეულს?
- თესლის ამბავი ჩვენთვის იმდენად გულსაკლავი გახლავთ, რომ არ ვთქვა, გული არ მომითმენს - ჩემს ახლობლობაში ყანების პატრონი არავინ მეგულება, რომ სუფთა ქართული ხორბლის თესლის დათესვა არ უნდოდეს, მაგრამ არ გამოგვდის - ქართული ხორბალი ბოლო წლებში აღადგინეს და გაამრავლეს, ამიტომ ისეთი ძვირი ღირს, სათესლედ მის ყიდვას ჯერაც ვერ ვახერხებთ. თუმცა, გენმოდიფიცირებული თუ ჰიბრიდული მოსავალი არავის მოგვყავს - ჩვენში თესლის შერჩევა ნდობაზეა დამოკიდებული, მაგალითად, ჩვენი მექანიზატორი თუ რომელიმე ფერმერთან საუკეთესო მოსავალს აიღებს, ის მექანიზატორი ამ მოსავლის შესახებ ყველას გვიყვება და ჩვენც ამ ყანიდან აღებულ თესლს ვყიდულობთ. აი, ეს არის ჩვენებური - ტრადიციული სელექცია, რომელიც ჯერჯერობით გვიმართლებს.
- დასასრულ, უცხოელ ფერმერებზე მინდა გკითხოთ...
- ისინი ძალიან მშრომელები არიან და ქართველების "გადაყრილ" მიწებს ახარებენ. იქნება და, ეს უცხოელების ამბავი ჩვენთვის ჭკუის სასწავლიც იყოს! ახლა ვხედავ, ბევრი ნანობს, მიწას რომ ვერ მიხედა, ესე იგი მომავალში უპატრონოდ დატოვებული მიწის დაკარგვის შეგვეშინდება...
ეთერ ერაძე
წყარო „კვირის პალიტრა"