„საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყანაში 15 მილიონი ლარით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ელექტროენერგიის იმპორტმა 29.8 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის იავარ-მარტში - 14,8 მილიონი ლარი იყო.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი იმპორტი მოხმარების ზრდამ გამოიწვია.
„ელექტროენერგიის მოხმარებაში ყოველწლიურად ზრდა გვაქვს. შესაბამისად, ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ნორმალურია. ელექტროენერგიის წარმოების თვალსაზრისით დეფიციტური ქვეყანა ვართ, შესაბამისად, ზამთრის პერიოდში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება,“-აცხადებს მირცხულავა.
აღსანიშნავია, რომ სემეკ-ის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 3.5%-ით იზრდება.