პროფსასწავლებლებზე 2 მილიონი ლარი არაეფექტურად დაიხარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე საუბრობს.

ამ შეფასებისას აუდიტის დეპარტამენტი ეყრდნობა კვლევას პროფსასწავლებლების ეფექტიანობის შესახებ, რომელიც უწყებამ 2010-2012 წლებსა და 2013 წლის პირველ ნახევარში პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესწავლის შედეგად მოამზადა.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ვაუჩერის გაცემის სისტემის ნაკლოვანებებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების - თითქმის 2 მილიონი ლარი არაეფექტიანად გახარჯვა, საიდანაც დაახლოებით 860 ათასი ლარი არამიზნობრივ ხარჯად უნდა ჩაითვალოს.

"ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის ჩართულობა არ არის უზრუნველყოფილი. კერძოდ, გაუმართავია მონაცემთა ბაზა, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ. არ არის საკმარისი კომუნიკაცია სამინისტროსა და პოტენციურ დამსაქმებლებს (კერძო სექტორის სუბიექტებს) შორის.

არარაციონალურია დაფინანსების სისტემა - სასწავლებლებზე თანხების გადანაწილება ხდებოდა არაოპტიმალურად, ვაუჩერის ფიქსირებული ხასიათის გამო სასწავლებლებზე გაცემული თანხები არ შეესაბამებოდა მათ რეალურ საჭიროებებს", - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, დეპარტამენტის განმარტებით, ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შრომის ბაზარზე არსებული ინფორმაციის სიმწირის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა მის მიერვე განსაზღვრული პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შესაბამისობას შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან.

"ფინანსდებოდა ისეთი პროგრამები, რომლებიც იმ პერიოდისთვის შეიძლება მოთხოვნადი არ ყოფილიყო (მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფინანსდებოდა ზოოტექნიკოსის პროფესია, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, მასზე მოთხოვნა არ იყო). პრობლემებია სასწავლო პროცესების მართვის კუთხითაც. საქართველოში არსებული სისტემა რიგ ასპექტებში თავსებადია კოპენჰაგენის პროცესთან და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან, თუმცა გააჩნია გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები: არ არის შემუშავებული სასწავლებელთა შიდა და გარე შეფასების მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, ბიზნესის მიერ პროფსასწავლებლების საქმიანობის შეფასებას და მეორე მხრივ, მასწავლებლების მხრიდან სასწავლო პროცესზე მონიტორინგს", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, უწყების დასკვნით, საქართველოში მოქმედი პროფესიული სტანდარტები და მის საფუძველზე შემუშავებული სასწავლო პროგრამები (კურიკულუმები) არის ძალიან ზოგადი და არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას სასწავლო კურსისა და სტუდენტის მიერ მისაღები პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ.

"ასევე კრედიტების სისტემა არ არის სტანდარტიზებული და უნიფიცირებული (გიდის პროფესიის დაუფლებას ზოგ სასწავლებელში 36 კრედიტი სჭირდება, ზოგან კი შესაძლოა, 40 კრედიტი იყოს აუცილებელი), რაც ხელს უშლის სასწავლო პროცესის მოქნილობასა და თანაბარი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ორიენტირებულია ზოგად და არაპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე (პროფესიულ უნარ-ჩვევებზე გადამზადდა სულ 7 პედაგოგი, რაც გადამზადებული მასწავლებლების 1%-იც არ არის)", - აცხადებენ ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტში.

გასული 5 წლის განმავლობაში, პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე სახელმწიფომ 50 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.