საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და აღნიშნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკის (Vazil Hudak) შეხვედრაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოში (EIB) საკრედიტო პორტფელის გაზრდის საკითხები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა საფინანსო ინსტიტუტმა 2016 წლის განმავლობაში საქართველოში საკუთარი ინვესტიციები გააორმაგა და შესაბამისად, ბანკის პორტფელმა 1 მლრდ ევრო შეადგინა.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე ვრცლად ისაუბრა. აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს 2017 წელს დამატებით 250 მლნ ევროს რესურსი გამოყოს, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო პროექტებში იქნება მიმართული.
„მხარეებმა ისაუბრეს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მისი განხორციელების პროცესში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ბანკი მხარს უჭერს გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტს.
მნიშვნელოვანია, ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკის გააქტიურება კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნული ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა „InnovFin-ის“ პროგრამაში ჩართვა, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური და დამწყები ბიზნესების დაფინანსებისთვის“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, „InnovFin – EU Finance for Innovators" ეს არის EIB-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდის (EIF) ერთობლივი ინიციატივა EC-სთან ერთად „Horizon 2020-ის“ ფარგლებში.
გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამა, ასევე, რჩევებისა და კონსულტაციების მიმართულებით (advisory service) ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას ითვალისწინებს.