ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის“ მმართველ დირექტორს, შტეფან ვაილერს შეხვდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, ასევე განხილული იქნა საქართველოს ფისკალურ სექტორში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ფისკალური რეფორმა, რომელიც მთავრობამ 2017 წლიდან დაიწყო.
მათი ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკით მზარდ დაინტერესებაზე, აგრეთვე, როგორ შეიძლება ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში ლარიზაციის პროცესს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.