საგარეჯოს რაიონში "ვინიჩიო ველი" - მწვანე ტურისტული ცენტრი აშენდება

საპარტნიორო ფონდსა და „არიკ ჯგუფს“ (Aric Group) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, „არიკ ჯგუფი“ უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები დაინტერესებას გამოთქვამენ განავითარონ ერთობლივი ბიზნესი - „ვინიჩიო ველი“ (Vinichio Valley). კერძოდ, საუბარია საგარეჯოს რაიონში კომპანიის მფლობელობაში არსებულ ფართობზე ქართული ფისტას მოყვანასა და ღვინის წარმოებაზე.

ოფიციალური დოკუმენტის ხელმოწერისა და “არიკ ჯგუფის“ მიერ დაგეგმილ ფისტას დარგვის საყოველთაო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროექტი, რადგან პირველად ისტორიაში საქართველოს ეძლევა საშუალება გახდეს ფისტას მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, „არიკ ჯგუფს“ ადგილობრივ კლიმატზე და ნიადაგურ პირობებზე მორგებული ფისტას ახალი ჯიშის გამოსავლენად ჩატარებული აქვს მეცნიერული კვლევა. კვლევაზე დაყრდნობით გადაწყვიტა კომპანიამ განეხორციელებინა ინვესტიცია. შესაბამისად „არიკ ჯგუფი“ ვალდებულებას იღებს აღნიშნულ პროექტზე მოამზადოს ბიზნეს გეგმა, ხოლო საპარტნიორო ფონდი წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის შესწავლის საფუძველზე, პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება.

„არიკ ჯგუფი“ უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პროექტებს სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს.

საინვესტიციო კომპანიის ყველაზე ფართომასშტაბიან პროექტს კახეთში, საგარეჯოს რაიონში, „ვინიჩიო ველის“ (Vinichio Valley) - ანუ „მწვანე“ ტურისტული ცენტრის განვითარება წარმოადგენს. პროექტის განვითარებისას, ძირითადი აქცენტი ქართული ფისტას და ღვინის წარმოებაზე კეთდება. შემდეგ ეტაპზე იგეგმება ღვინის, მშრალი ხილის და ფისტას წარმოებელი სამი სხვადასხვა ქარხნის მშენებლობა. გარდა სოფლის მეურნეობის პროექტებისა, „არიკ ჯგუფი“ ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობს და 5-ვარსკვლავიანი 150 ტურისტული ვილის მშენებლობასაც გეგმავს, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებზე იქნება გათვლილი. პროექტის ბოლო ეტაპი კი გულისხმობს გასართობი-სპორტული მომსახურებების განვითარებას, როგორიცაა პოლო, გოლფი, ცხენზე ჯირითი და პარაშუტით ხტომა.

ამ ეტაპზე დასრულებულია 125 ჰექტარი ინდუსტრიული ვენახის და 50 ჰექტარი ხილის ბაღების გაშენება. სამომავლოდ კი აღნიშნული კულტურების ნათესი ფართობები მნიშვნელოვნად გაიზრდება. კერძოდ, დაგეგმილია 2000 ჰექტარზე - 400 ჰექტარი ვენახის, 400 ჰექტარი ხილის ბაღებისა და 1000 ჰექტარი ფისტას პლანტაციის გაშენება. უკვე დაწყებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სათბურის და ლაბორატორიის მშენებლობისთვის. კომპანია სოფლის მეურნეობის მიმართულების ნაწილის დასრულებას 2018 წლის ბოლოსათვის აპირებს.