წლებია, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული პროექტების ღირებულება, გამჭვირვალობა თუ ხარისხი დისკუსიის საგანია - ამ მიმართულებით რომ დღესაც პრობლემაა, პრემიერ-მინისტრის განცხადებაც მოწმობს.
გიორგი კვირიკაშვილმა გამგებლები გააფრთხილა და აღნიშნა, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, რომლებმაც სახელმწიფოს ფული მიიღეს, დასაქმებულ ადამიანებს ხელფასს დროულად არ უხდიან. კომპანიების მიერ შემუშავებულ მაქინაციურ სქემებზე "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი საუბრობს:
- სახელმწიფომ იცის, რომ კომპანიების ნაწილი ბიუჯეტიდან აღებული თანხიდან დასაქმებულებს ხელფასს დროულად არ უხდის, მაგრამ რეგულაცია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არ შემუშავებულა. თუ კომპანია მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ტენდერში მონაწილეობაც შეუძლია.
- ცნობილია, რომ მაქინაციებს მიმართავენ, რათა შავ სიაში მოხვედრის მიუხედავად, ტენდერებში მონაწილეობა მაინც მიიღონ.
- კომპანიის ხელმძღვანელები რამდენიმე ორგანიზაციას აფუძნებენ და ერთ მოგებულ ტენდერში ქვეკონტრაქტორებად თავისივე კომპანიები აჰყავთ. ამით ქვეკონტრაქტორები სატენდერო გამოცდილებას აგროვებენ, რაც შემდგომში ყველა ტენდერში სრულფასოვანი მონაწილეობისკენ გზას უხსნის. ისევ პარადოქსულ ვითარებას ვაწყდებით - დამფუძნებელს თავისივე ქვეკონტრაქტორი კომპანიების დაქირავების უფლებას კანონით ვერ შეუზღუდავ. თუ "მთავარი" კომპანია სატენდერო შავ სიაში ხვდება, ტენდერებში მონაწილეობენ მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიები. სინამდვილეში კი, "მთავარ" კომპანიასაც და ქვეკონტრაქტორებსაც ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავთ. ასევე, ბოლო დროს გავრცელებული მაქინაციური სქემაა ფილიალებით მანიპულირება. მაგალითად, პირი ჩადის აზერბაიჯანში ან თურქეთში და სანაცნობო წრეების გამოყენებით უთანხმდება მათ საქართველოში ფილიალის გახსნაზე. ამის შემდეგ საქართველოში სატენდერო პირობებში უთითებს, რომ უცხოური კომპანიის პარტნიორი, ან სულაც წარმომადგენელია და რომ ამ უცხოურ კომპანიას შესაბამისი გამოცდილება გააჩნია. ინფორმაციის სხვა ქვეყანაში გადამოწმება დიდ ადამიანურ რესურსებსა და დროს მოითხოვს, რაც ხშირად არც ხდება. შესაბამისად, წარმოდგენილ დოკუმენტებს ცნობად იღებენ და კომპანიაც ტენდერში მონაწილეობს.
- დაანონსდა, რომ სატენდერო პირობები შეიცვლებოდა და გამკაცრდებოდა კიდეც.
- გამკაცრება გადაჭარბებული ნათქვამია. გარკვეული ცვლილებები შევიდა "შესყიდვების შესახებ" კანონში - გაუქმდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და დარჩა მხოლოდ ელექტრონული ტენდერი - გამარტივებული ელექტრონული ტენდერის დროს შესყიდვის ვადა 3 დღით იყო განსაზღვრული, ელექტრონული ტენდერისთვის 7 დღით განისაზღვრა. ცვლილება არ შეხებია გამარტივებულ შესყიდვებს, უბრალოდ გაუქმდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და დაერქვა ელექტრონული ტენდერი, ანუ ტერმინოლოგიურ ცვლილებებთან და ვადის 4 დღით გახანგრძლივებასთან გვაქვს საქმე.
ცვლილება შეეხო დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრების წესს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიებს ტენდერის გასაჩივრების უფლებას ართმევენ, გასაჩივრებაზე დაწესდა გადასახადი არანაკლებ 100 და არა უმეტეს 500 ლარისა. თუ კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდება, მომჩივანს თანხა უკან უბრუნდება. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევებში მხარეს უფლება აქვს, მიმართოს შესყიდვების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურსაც. თუმცა ფაქტია, რომ შესყიდვების კანონში ცვლილებები სისტემის მეტად გასაჯანსაღებლად საკმარისი არ არის და მეტი მონიტორინგია საჭირო.
რუსუდან შელია
წყარო „კვირის პალიტრა"