ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით მყარდება. მიმდინარე თვის დასაწყისში თუ ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.43 ლარი იყო, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ის 2.39 ლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის მსგავსი მაჩვენებელი ბოლო ნახევარი წლის განავლობაში არ დაფიქსირებულა. ბოლო 6 თვის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში პირველად ჩამოცდა 2.4-იან ნიშნულს.
ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები
გამყარების საფუძველი, წლის დასაწყისში ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა პროცესებმა შექმნა. კერძოდ, მართალია იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტი 15%-ით გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში ექსპორტი გაიზარდა 30%-ით.
ზრდა დაფიქსირდა ფულადი გადმორიცხვების კუთხითაც. მარტში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 23%-ით გაიზარდა, რაც თებერვალთან შედარებით 19%-იანი ზრდაა. ყველაზე მეტი უცხოური ვალუტა რუსეთიდან გადმოირიცხა - 38 მლნ დოლარის ოდენობით.
აღსანიშნავია ტურიზმის სექტორიც, რომელიც ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, 2016 წელი და 2017 წლის დასაწყისი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა, როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით, ისე ტურიზმიდან მიღებული სავალუტო შემოდინების მიმართულებით. კერძოდ, 2017 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს 511 045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 13,1%-ით, ანუ 59 308 ადამიანით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მარტში იმ უცხოელი ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში, 219 642 შეადგინა, რაც 28,6 %-ით, ანუ 48 807-ით მეტია, 2016 წლის მარტის მაჩვენებლებზე.
აქვე შეიძლება ითქვას, რომ სესხების გალარების შედეგად იმ ადამიანების რაოდენობა შემცირდა, ვისაც სესხები დოლარში ჰქონდათ, შესაბამისად, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დოლარზე მოთხოვნაც გარკვეულწილად შემცირებულია გასულ პერიოდთან შედარებით.
ყველაფერთან ერთად, ლარის გამყარების მთავარ ინდიკატორად სახელმწიფო ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება მიიჩნევა. ფინანსთა სამინისტრომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, 2017 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიარ ლარზე მეტი შემოსავლების მიღება მოახერხა. გადაჭარბებით შესრულებულმა ბიუჯეტმა განაპირობა მიმოქცევაში არსებული ლარიდან 1 მილიარდი ლარის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე მობილიზება, რამაც ბუნებრივია თავისი ზეგავლენა იქონია ლარის გამყარების პროცესში.
ლარის მკვეთრი მერყეობის ნეგატიური შედეგები
ლარის როგორც მკვეთრად გამყარება, ასევე მკვეთრად გაუფასურება, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისთვის უფრო მეტად უარყოფითი შედეგების მომტანია ვიდრე დადებითის. შესაბამისად, მონეტარულმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ კურსი სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნდეს. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ლარი-დოლართან მიმართებაში 2.5 ნიშნულიან პუნქტზეა დაგეგმილი, სასურველია, რომ წლის ბოლომდე კურსმა მნიშვნელოვანი მერყეობები არ განიცადოს.
იმ შემთხვევაში, თუ ლარის გამყარება გაგრძელდა ან შენარჩუნდა, ბუნებრივია წარმოიშობა საბიუჯეტო პრობლემები, რაზეც კონსტიტუციურად პასუხისმგებელი მონეტარული ხელისუფლება, ანუ ეროვნული ბანკია. შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს სტაბილური კურსის შესანარჩუნებლად ამ პროცესებში გადამწყვეტი როლი ეკისრება. ამ მხრივ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სავალუტო შესყიდვები, რომლის შედეგადაც მიმოქცევიდან ჯამში 19 მილიონ 730 ათასი დოლარი იქნა ამოღებული, შესაძლოა დაგვიანებულ ქმედებად ჩაითვალოს, ვინაიდან, წლის დასაწყისში, როცა ლარის კურსმა მის ისტორიულ მაქსიმუმს, 2,76-ს მიაღწია დოლართან მიმართებაში და ამით ის კრედიტორები კიდევ უფრო მეტად დაზარალდნენ, ვისაც დოლარში ქონდათ ვალდებულებები, მაშინ ეროვნულმა ბანკმა არაფერი მოიმოქმედა კურსის დასაჭერად, სიტუაცია არ განიმუხტა, შესაბამისად, იზარალეს მოქალაქეებმა და იზარალა ეკონომიკამ.
ამასთან, გაუგებარია და ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს რეფინანსირების სესხების ისტორიულად გაზრდილი მაჩვენებელი, რომელმაც მილიარდ 743 მილიონს მიაღწია და ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მონეტარული აგრეგატის - M²-ის 28%-ს შეადგენს, რაც ევროზონის და ასევე საქართველოს სამეზობლო ქვეყნებში არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით გაცილებით მაღალია. ის ფაქტი, რომ კომერციულ ბანკებს ამ მოცულობით ლიკვიდობის პრობლემა აქვთ, საბოლოო ჯამში ბანკების კლიენტებს და მთელს ეკონომიკას აზარალებს. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკის მხრიდან საჭიროა მეტი სიცხადე რეფინანსირების სესხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით.
შოთა გულბანი
"აფბა"-ს პრეზიდენტი
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"