საერთაშორისო გადახდების კომპანია VISA-მ, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული გადახდებისა და ფინანსური განათლების საკითხებზე ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი ელექტრონული საგადახდო სისტემებისა და ინსტრუმენტების მიმართ მომხმარებლის ფინანსური განათლების გაზრდა და საგადახდო სისტემისადმი ნდობის ამაღლება იყო.
პირველი დღე მედიის წარმომადგენლებს დაეთმოთ. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ელექტრონული გადახდების გავლენა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ელექტრონული გადახდის სისტემები და მათი შექმნის საერთაშორისო გამოცდილება, ინოვაციები საგადახდო სისტემებში.
შეხვედრის მეორე დღეს ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სახლის, ეროვნული ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ნაღდი ფულის ზომა და ფასი, ფინანსური ჩართულობა და ფინანსური განათლება, ელექტრონული საგადახდო სისტემების მოწყობა „VisaNet“-ის მაგალითზე, რისკების მართვა საგადახდო სისტემებში და ტექნოლოგიების გავლენა ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე.
სამუშაო შეხვედრას VISA-ს საჯარო პოლიტიკის სკოლის დირექტორი მაჯიდ ჰუჯარი უძღვებოდა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
„საგადახდო სისტემების განვითარებასთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნება საგადასახადო სისტემების მიმართ და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც არის ქვეყანაში არსებული საგადახდო სისტემების უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ვფიქრობთ მსგავსი შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის ფინანსური განათლების ამაღლებაა, ხელს შეუწყობს საგადახდო ბარათების ბაზარზე არსებულ ტენდენციების გაცნობას და საბოლოო ჯამში საგადასახადო სისტემების მიმართ მოსახლეობაში ნდობის ამაღლებას”, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.