”ინოვაციური მართვის სისტემა”, ”ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ქმნის მოტივაციას,” ”თეთრი სპილო თუ მკვდარი ცხენი?! ანუ როგორ შევარჩიოთ ყველაზე სარგებლიანი პროექტი - ეს თემები ბიზნეს ვორქშოფზე ”ლურჯი ოკეანე” განიხილეს. ღონისძისძიების ორგანიზატორი იყო გამომცემლობა ”პალიტრა L”, რომელიც პროექტ ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას ქართულ ენაზე თარგმნის. ბიზნეს ვორქშოფზე ისაუბრეს ”სინერჯი ჯგუფის” მმართველმა პარტნიორმა პაპუნა ტოლიაშვილმა, საკონსულტაციო კომპანია insources-ის მენეჯერმა მედეა ტაბატაძემ და პროექტების მართვის პროფესიონალმა ილია რევიამ.
“ვორქშოფის ფარგლებში ძალიან საინტერესო ადამიანებმა ისაუბრეს მათი მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ. აქ მიღებული ინფორმაცია გამოსადეგია როგორც საშუალო, ისე მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში გამოცემული ლიტერატურა კი წარმატების ფორმულაა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გახდნენ უფრო მოტივირებული და წარმატებული საკუთარ საქმიანობაში. ჩვენ მიერ შერჩეული ბიზნესლიტერატურა განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებთათვის. დღეიდან კი საფუძველი ეყრება ვორქშოფებისა და ტრეინინგების ჩატარების ტრადიციასაც,” - განმარტავს ”პალიტრა L-ის” მარკეტინგის მენეჯერი თიკო ფეიქრიშვილი.
პროექტში ”ლურჯი ოკეანე” როგორც კონსულტანტები ჩართული არიან გამოცდილი ბიზნესში წარმატებული ადამიანები. ლიტერატურის შერჩევა და თარგმნა სწორედ მათი რეკომენდაციების საფუძველზე ხდება. ვორქშოფზეც გამცდილი ადამიანები წარდგნენ დამსწრე აუდიტორიის წინაშე.
”ეს არის ინოვაციური პროექტი საქართველოში, რომელიც მენეჯერული ცოდნის გაძლიერებას ემსახურება. მე დღეს ვისაუბრე პროექტების სწორად შერჩევის ტექნიკაზე, თუ როგორ აკეთონ ორგანიზაციებმა ის საქმე, რომელიც რეალურად შედეგის მომტანია. რისკების ადეკვატურად შეფასების საშუალებებიც გავაცანი,” - აღნიშნა პროექტების მართვის პროფესიონალმა ილია რევიამ.
”ინიციატივა ”ლურჯი ოკეანე” ძალიან საინტერესოა. ამ პროექტით გასულ წელს დავინტერესდი, როცა რამდენიმე ჩემთვის ძალიან საინტერესო წიგნი აღმოვაჩინე. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ბიზნეს ლიტერატურა არ არსებობს და სწორედ ამიტომ არის ეს ინიციატივა ძალიან დასაფასებელი. ღონისძიებაც საინტერესოა, რადგან აქ განხილული თემები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაცისთვის. ჩემი თემა იყო ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ქმნის მოტივაციას,” - თქვა საკონსულტაციო კომპანია Insource-ის მენეჯერმა მედეა ტაბატაძემ.
ვორქშოფს საქართველოში მოქმედი კომპანიების მენეჯერები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მიღებული ინფორმაცია მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.
”უპირველეს ყოვლისა, ბიზნეს ლიტერატურის მნიშვნელობას მინდა გავუსვა ხაზი. ეს ბაზარი საქართველოში ძალიან მწირია. მაგალითად, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებაში საერთოდ არ არსებობს ლიტერატურა ქართულ ენაზე. უნივერსიტეტებსა და პროფესიონალებს ინგლისური ლიტერატურით სარგებლობა გვიწევს. ამიტომაც ძალიან დასაფასებელია ”პალიტრას L-ის” საქმიანობა. დღეს განხილული თემები ჩემთვის მეტად საინტერესო იყო,” - თქვა ”იაკობს საქართველოს” ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელმა თეკლა ბუაძემ.
პროექტი ”ლურჯი ოკეანე” 2015 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 15-ზე მეტი ბესტსელერია ნათარგმნი. გამომცემლობა “პალიტრა L” გეგმავს, რომ, ბიზნეს ლიტერატურის გამოცემის პარალელურად, ვორქშოფებს რეგულარული სახე მისცეს.