მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა.
როგორც მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, აღნიშნული წესის მიზანია დაცულ იქნას ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში დასაქმებულ მოხელეთა უფლებები და განისაზღვროს აღნიშნულ სამუშაო პირობებში საქმიანობის პროცედურები.
როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება შეიძლება მიეცეს მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე.
დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე გადაყვანილი მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, რაც არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები.
„მოხელე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს: ა) ჯანმთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაც შესაბამისად დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით; ბ) ბავშვის 1 წლის ასაკის მღწევამდე; გ) მოხელე ქალის შემთხვევაში - მშობიარობამდე; დ) მოხელის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებამდე“, - ნათქვამია დადგენილებაში.
ამასთან, დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.
რაც შეეხება ღამის საათებში მუშაობას, დადგენილების თანახმად, საჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დაწესდეს ღამის საათებში მუშაობა.
„მოხელე ღამის საათებში მომუშავედ ითვლება, თუ იგი ღამის საათებში მუშაობს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. ღამის საათებში მოხელის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს ეძლევა ერთსაათიანი შესვენება, რომელიც ითვლება სამუშაო დროში. მოხელე, რომელიც მუშაობს ღამის საათებში, თავისუფლდება მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მორიგეობის მომდევნო დღე დასვენების ან უქმე დღეა, მოხელე სამსახურში გამოდის მომდევნო სამუშაო დღეს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ღამის საათებში მუშაობის დაწესების შესახებ უნდა იქნას განსაზღვრული ღამის საათებში მუშაობის განრიგი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ ვადებს“, - ნათქვამია დადგენილებაში.
გარდა ამისა, მთავრობის დადგენილების თანახმად, ღამის საათებში სამუშაოდ მოხელე შესაძლებელია გადაყვანილ იქნას დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან/და მოხელის განცხადების საფუძველზე. ამასთან, ღამის საათებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
მოხელეს ღამის საათებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი, რომლის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ამასთან, როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, დასვენებისა და უქმე დღეებში საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი განისაზღვრება საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით. დასვენებისა და უქმე დღეებში მოხელისთვის მუშაობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალება.
დადგენილების თანახმად, მოხელეს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი, რომლის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
რაც შეეხება ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მუშაობას, დადგენილების თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე მოხელეთა რაოდენობა. ამასთან, მთავრობა განმარტავს, რომ ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე მოხელის გადაყვანა წარმოადგენს უკიდურესს ზომას და აუცილებლობის არსებობის გარეშე დაუშვებელია. დადგენილების თანახმად, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ჯანმრთელობის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
„ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში გადაყვანილ მოხელეს უნდა მიეცეს სრულყოფილი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებებისა და ფაქტორების შესახებ. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში სპეციალური კურსის გატარების გარეშე. საჯარო დაწესებულების მიერ შესაძლებელია განისაზღვროს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი პირი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით“, - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საჯარო დაწესებულებების მოსამსახურეებზე, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეებზე; აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელზე; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე; საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელზე; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე; თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე; დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელზე; სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელზე; პროკურატურის მუშაკზე, გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა; ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატზე; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატზე; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე; ეროვნული ბანკის აპარატზე; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე.
დადგენილებაში მოცემულია ტერმინთა განმარტებებიც. კერძოდ, ნთქვამია, რომ ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ხანგრძლივობა ნაკლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამუშაო დროის ხანგრძლივობაზე, მაგრამ არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები.
ღამის საათებში მუშაობა - სამუშაოა, როცა მოხელე დასაქმებულია 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის ხანგრძლივობაც არ აღემატება 7 საათს.
დასვენებისა და უქმე დღეები: საქართველოს ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული სასვენების დრო და უქმე დღეები.
ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი სამუშაო პირობები: სამუშაო პირობები, გარემო ან/და სამუშაოს სპეციფიკა, რომელიც საფრთხის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განსაზღვრულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.