რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, არჩილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურიის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ეცნობა.
როგორც სამინისტრო იუწყება, გულედანმა ძლიერი ქარით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გუბერნიაში შექმნილი საგანგებო შტაბისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.
”ამ დროისთვის ოზურგეთში გზები გაწმენდილია, მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები არ ექმნება. რაც შეეხება სოფლებს, შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ასევე, სტიქიის ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია”, - აცხადებენ სამინისტროში.
გუშინ ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ოზურგეთში მაღალსართულიან საცხოვრებელ და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიგალის შედეგად ერთი სახლი სრულად დაინგრა. სტიქიის გამო მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.