ბოლო წლებში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად მატულობს.
სპეციალისტების თქმით, ეს ტენდენციადაც კი იქცა. თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, 2010-2015 წლებში საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსი ასე გამოიყურება:
2010 წელი: იმპორტი 222 მლნ კვტ/სთ, ექსპორტი - 1524 მლნ კვტ/სთ
2011 წელი: იმპორტი 470 მლნ კვტ/სთ, ექსპორტი - 930 მლნ კვტ/სთ
2012 წელი: იმპორტი 614 მლნ კვტ/სთ, ექსპორტი - 528 მლნ კვტ/სთ
2013 წელი: იმპორტი 484 მლნ კვტ/სთ, ექსპორტი - 450 მლნ კვტ/სთ
2014 წელი: იმპორტი 851 მლნ კვტ/სთ, ექსპორტი - 603 მლნ კვტ/სთ
2015 წელი (11 თვის მონაცემები): იმპორტი 576 მლნ კვტ/სთ – ექსპორტი - 660 მლნ კვტ.სთ.
აქედან ნათლად ჩანს, რომ 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდებოდა, ხოლო ექსპორტი, პირიქით, მცირდებოდა. 2016 წელს სიტუაცია ოდნავ შეიცვალა: საქართველოში 478,9 მლნ კვტ/სთ-ის იმპორტი განხორციელდა,
რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა 559 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
როგორ შეიძლება შეფასდეს ელექტროენერგიის ბალანსი საქართველოში? - ამის შესახებ კომენტარი ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტ რეზო არველაძეს ვთხოვეთ.
„უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება იზრდება, მაგრამ მაინც ვერ უმკლავდება ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებს. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 5%-ით მატულობს, ამით აიხსნება იმპორტის ზრდის ტენდენციაც. წლევანდელი ბალანსი 13 მილიარდ კვტ/სთ-ზეა გათვლილი და რა თქმა უნდა, გამომუშავება ამდენი არ იქნება. წელს უკვე 74 მილიონი კვტ/სთ მივიღეთ იმპორტით და კიდევ რამდენი დაგვჭირდება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უხვწყლიანი იქნება ჩვენი მდინარეები და რამდენად გაიზრდება მოხმარების დონე. რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, ის საქართველოდან მხოლოდ ზაფხულში შეიძლება, როცა მოხმარება ქვეყანაში დაბალია, ხოლო წარმოება - ჭარბი. ელექტროენერგიის ექსპორტს მხოლოდ სამი თვის განმავლობაში შევძლებთ: ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, რის გამოც ამ მიმართულებაზე დიდ იმედებს ვერ დავამყარებთ“, - აღნიშნავს რეზო არველაძე.
მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკაში არაერთი პრობლემაა, მათ შორის - „ენგურჰესის“ საკითხიც.
„ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს ენგურჰესის სახით: 1998 წელს სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 40% აფხაზეთისა უნდა ყოფილიყო, ხოლო 60% - საქართველოსი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ სადგური აფხაზეთის ტერიტორიაზეა, აფხაზური მხარე კარგა ხანია არღვევს ამ შეთანხმებას. 40% კი არა, ზამთარში არის დღეები, როცა 100% გამომუშავებული ენერგიისა აფხაზეთში მიდის, ჩვენ კი, ტექნიკური საშუალება არა გვაქვს, რომ ეს შევწყვიტოთ. 2016 წელს „ენგურჰესი“ დაახლოებით 2 კვირით გაჩერდა და იძულებული გავხდით რუსეთიდან შეღავათიან ფასად შეგვესყიდა ელექტროენერგია, რომ აფხაზეთი უშუქოდ არ ყოფილიყო.
მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად არ ვუჯერებთ სპეციალისტებს და ვუჯერებთ ურა-პატრიოტებს: აუცილებელია „ენგურჰესთან“ ჰიდრომარეგულირებელი სადგურის აშენება, რასაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან აპირებდნენ. ეს სადგური საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ პრობლემა, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. თავის დროზე „ხუდონჰესიც“ რომ აგვეშენებინა, დღეს საქართველოს 1,5-1,7 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია ექნებოდა, რაც ძალიან დაგვეხმარებოდა. დღევანდელი რეალობა კი ასეთია: ელექტროენერგიის იმპორტის გარეშე ჩვენ არსებობა ძალიან გაგვიჭირდება“, - აცხადებს რევაზ არველაძე.
ამ პრობლემების შეფასება „ხუდონჰესის“ პროექტის ერთ-ერთ ავტორს, ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ ანზორ ჭითანავას ვთხოვეთ.
„ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი რომ მატულობდა, ეს მოხმარების ზრდასთან არის დაკავშირებული. 2007-2015 წლებში ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება თითქმის 30%-ით გაიზარდა. სისტემას დაემატა 220 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, ელექტროსაკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული ობიექტები და ელექტროენერგიის წარმოებაც ამიტომ გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან დიდხანს ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული. გარდა ჰესებისა, აუცილებელია ქარისა და მზის ენერგიის, ბიოთერმული წყლების და სხვა განახლებადი რესურსების გამოყენებაც - მხოლოდ ამ პირობებში შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთშიც ძალიან გაზრდილია და ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რომ ამ რეგიონს მივაწოდოთ“, - აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.
ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტზე დიდ იმედს ვერ დაამყარებს.
„როცა ექსპორტზეა ლაპარაკი, ჭარბი ელექტროენერგიის გაცვლას გულისხმობენ, რომელიც ჩვენ მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში გვაქვს, მაგრამ ამ დროს ჭარბი ენერგია ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც არის. ჩვენ ძალიან შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ დღეს ქვეყანაში საკმარისი ელექტროენერგია გვაქვს, რომელსაც ესპორტზე გავიტანთ. ახალი ჰესების და თბოსადგურების მშენებლობა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საქართველოს ბუნებაზე, ჩვენს ეკოსისტემაზე და როდესაც ამ ენერგიას გავყიდით რუსეთში, თურქეთში, ან სხვაგან, უცხო ქვეყნების ეკონომიკას გავაძლიერებთ, ჩვენსას კი - ჩავძირავთ. რაც გვექნება, ჩვენს ხალხს და წარმოებას უნდა მოვახმაროთ. საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტზე ორიენტირებული ვერასოდეს გახდება, რადგან არასტაბილური ბალანსი გვაქვს. ნახევარი საქართველო წყალსაცავებში რომ ჩავძიროთ და მერე ეს ელექტროენერგია უცხო ქვეყნებში გავყიდოთ, ამის მომხრე მე ვერასოდეს ვიქნები. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.
ჰიდროტექნიკოსის თქმით, ელექტროენერგიის ძირითადი მომწოდებლები ჩვენთვის მეზობელი რუსეთი და აზერბაიჯანია.
„ამ ქვეყნებს პარალელური რეჟიმის, ძალიან კარგად აწყობილი სისტემები აქვთ, ამიტომ, მათთვის ელექტროენერგიის ექსპორტი სასარგებლოც კია. ჩვენ კი, დღესდღეობით არც დამატებითი ენერგიის წყაროები გვაქვს და არც სტაბილური ელექტროსისტემა“, - აცხადებს ანზორ ჭითანავა.
ხათუნა ჩიგოგიძე