მთავრობა ცალკეული დარგების, მათ შორის შიდა ავიაციის სტიმულირებას განახორციელებს

მთავრობა ცალკეული დარგების, მათ შორის შიდა ავიაციის სტიმულირებას განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსსა“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. კანონის პროექტები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.

„პაკეტი მოიცავს ისეთი დარგების სტიმულირებას, როგორიცაა, მაგალითად, შიდა ავიაცია. ამისთვის ჩვენ დღგ-სგან და აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო ნაწილის საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი, ბორტზე მისაწოდებლად და ასევე სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია არის ძირითადად სუბსიდირებადი დარგი და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულირება, რათა მაქსიმალურად გავაიოლოთ შიდა მიმოსვლა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.