საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჟინვალი-ლარსის გზის განახლებისთვის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, ხოლო ქვეშეთი-კობის მონაკვეთისათვის დეტალური პროექტირების სამუშაოებს იწყებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და ესპანური კომპანია IDOM Consulting, Engineering, Architecture, SAU წარმომადგენელმა იგნასიო ბალსა მარინმა.
ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტები. აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
საპროექტო სამუშაოების ვადა 14 თვეა და მისი ღირებულება 3 156 240 ევროსა და 4 201 392 ლარს შეადგენს. პროექტირების დასრულების შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.
ჟინვალი-ლარსის მიმართულებით 111 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო ქვეშეთი კობის მიმართულებით 26 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება.
აღნიშნული მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.