დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღვათები ორი წლით გახანგრძლივდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებული ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ეხება სამშენებლო სექტორსაც. კერძოდ, ორი წლით გახანგრძლივდება დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები. დღეისათვის, 2017 წლის ბოლომდე 65 მილიონი დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება იგეგმება. ასევე ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ცვლილება შემუშავდა ბიზნესსექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში - უპირველეს ყოვლისა, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ასოციაციებს.