„ყაზტრანსგაზის“ საპრეტენზიო შეტყობინებასთან მიმართებაში ქართულ მხარეს საკმაოდ არგუმენტირებული პასუხები გააჩნია , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ კომპანია “ყაზრტანსგაზის“ მხრიდან ენერგეტიკის სამინისტროში შესული საპრეტენზიო შეტყობინების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორ ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, ყაზახური მხარის უწყებაში შესულია საპრეტენზიო შეტყობინება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„ამ შემთხვევაშიც არსებობს რესურსი და გზები, რომ მოხდეს საკითხის მოლაპარაკების გზით დასრულება და არ მოგვიწიოს არბიტრაჟში წასვლა, თუმცა „ყაზტრანსგაზთან“ მიმართებითაც, მათ მიერ დაყენებულ თითოეულ საკითხს ჩვენი მხრიდან საკმაოდ არგუმენტირებული პასუხები გააჩნია და დავის შემთხვევაშიც კი არ ველოდებით ნეგატიურ შედეგებს“, - განაცხადა ხმალაძემ.
ირაკლი ხმალაძემ დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, „საკმაოდ მოცულობითი და კომპლექსური საპრეტენზიო კორესპონდენციაა შემოსული“, ამიტომ ციფრებზე საუბარი გაუჭირდება.
„ჩვენს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა პოზიცია, რომ ყაზახური მხარე დაბრუნებულიყო „ყაზტრანსგაზის“ მმართველობაში, თუმცა ამ საკითხზე აქამდე ვერ მოხერხდა შეჯერება. ამ ეტაპზე პრეტენზიები ცოტა სხვა ფორმატშია წარმოდგენილი. ჩვენ ამ თემებზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ შედეგების პროგნოზირება საკმაოდ რთულია.
2009 წლის მდგომარეობით კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისს" ქართული მხარის მიმართ გარკვეული დავალიანება დაუგროვდა. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა.
კომპანია "ყაზტრანსგაზი" აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას და მათ მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია "ყაზტრანსგაზმა" შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.