2006-2015 წლებში საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობაში 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა

2006-2015 წლების პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობაში 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის“ (RAPDI) კვლევის - ”საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმოხილვა” თანახმად, მოცემულ პერიოდში ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტის წილი ექსპორტის მთლიან მოცულობაში უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის მთლიან მოცულობაში. მონაცემების მიხედვით, 2006-2015 წლებში ევროკავშირში ექსპორტის წილი ექსპორტის მთლიან მოცულობაში 0.4%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტის წილი საქართველოში იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო საქონლის მოცულობაში 4%-ით გაიზარდა.

RAPDI-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში ექსპორტის 93%-ს 10 ძირითადი საექსპორტო პროდუქტი შეადგენს. ექსპორტის მთლიან მოცულობაში თხილის წილი 61%-ია, ყურძნის ღვინის 6%, ხოლო არაალკოჰოლური სასმელების წილი 6%.

2006-2015 წლებში ყველაზე შესამჩნევი მატება ვისკისა (61%) და ღვინის/ალკოჰოლური სასმელების (54%) ექსპორტში დაფიქსირდა. შემცირებულია ხე-ტყის მასალის (-3%) და არაალკოჰოლური სასმელების (-38%) ექსპორტი.

საექსპორტო პროდუქტებს შორის, ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის ყველაზე დიდი წილი თხილზე და ვისკიზე მოდის. სხვა ძირითადი საექსპორტო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე 20%-ზე ნაკლებია.

რაც შეეხება იმპორტს, RAPDI-ის კვლევის მიხედვით, მთლიან მოცულობაში 10 ძირითადი იმპორტირებული პროდუქტის წილი 36%-ს შეადგენს. იმპორტში სოსისებისა და სიგარეტების წილი 5%-ს შეადგენს, ბავშვთა კვებისა და ღვინის/ალკოჰოლური სასმელების იმპორტი კი -4%-ს.

ევროკავშირიდან იმპორტში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა რძისა და ნაღების იმპორტში (86%), ხოლო სიგარეტების (-1%) და ალკოჰოლური სასმელების/ღვინის იმპორტში (-4%) ზრდა ნეგატიურია.

ძირითადი იმპორტირებული პროდუქტების (ქათმის გაყინული ნაწილები და სიგარეტები) წილი ევროკავშირიდან მთლიან იმპორტში 20%-ზე ნაკლებია.

”საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმოხილვის კვლევა” ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით, პროექტის „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება“ ფარგლებში, ორგანიზაცია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტმა“ (RAPDI) გამოაქვეყნა. კვლევა 10-წლიან პერიოდს მოიცავს და მიზნად ისახავს სექტორში არსებული ტენდენციებისა და განვითარების მიმართულებების შესწავლას.