საყოველთაო ჯანდაცვით, 100 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე მოქალაქეებს 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები დაუფინანსდებათ

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში, 100 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე მოქალაქეებს 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები დაუფინანსდებათ , - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა; კორონალური სისხლძარღვების დაავადება; დიაბეტის მეორე ტიპი, რომელიც ტაბლეტური მკურნალობის ფორმას მოითხოვს; ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

„რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია მაგრამ, ეს ჯგუფი ქრონიკული დაავადების დაახლოებით ამბულატორიული პაციენტების საჭიროების 70%-ს ფარავს“,- განაცხადა სერგეენკომ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი დღეს შევიდა ძალაში, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულიდან.

„დღეიდან გააქტიურდება საერთაშორისო ტენდერი, რომელიც ჩვეულებრივ თვენახევარს საჭიროებს. ამის შემდეგ ვვარაუდობთ, რომ ორი კვირის განმავლობაში იქნება შემოტანა და დისტრიბუცია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ მედიკამენტებზე ჩვენ დავაწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის კონტროლის ნიშნული - მედიკამენტები უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული ან თუ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშია წარმოებული, მათ უნდა წარმოადგინონ ამ სერიაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატი. ეს არის, ფაქტობრივად, გარანტირებული დაცვა იმისა, რომ ეს მედიკამენტები იქნება ხარისხიანი. ეს არის ხანგრძლივი პროექტი, რაც არ არის ერთჯერადი აქცია. რაც შეეხება მედიკამენტების ღირებულებას ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება თვეში მაქსიმუმ 1 ლარის ოდენობის გადასახადი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.