საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში დაგეგმილი ცვლილებები მთლიანობაში ძალიან პოზიტიურია, რომელიც ბიზნესისთვის იქნება სასიკეთო და ხელსაყრელ პირობებს შექმნის , - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა “საგადასახადო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ იმ ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც ძნელაშვილმა აღნიშნა, ბიზნესომბუდსმენის აპარატი დადებითად აფასებს აღნიშნულ ცვლილებებს.
მისივე თქმით, ზოგიერთი მათგანი საერთო ინიციატივაა, ზოგიერთზე კი ფინანსთა სამინისტროსთან ერთობლივად იმუშავეს.
რაც შეეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით არის სამი ცვლილება.
„პირველი ეხება გადასახადის თავის არიდებისთვის დაკირებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზღვრის გაზრდას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 0000-მდე გადასახადების დამალვისთვის პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება და იგი პასუხს აგებს მხოლოდ „საგადასახადო კოდექსით“, - განაცხადა ძნელაშვილმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ცვლილებები შეეხო კიდევ ორ ისეთ მუხლს, რომელიც თავისი შინაარსით არის საგადასახადო სამართალდარღვევები. ნამდვილად სწორია და დროული, რომ ეს მუხლები ამოღებული იქნება „სისხლის სამართლის კოდექსიდან“.
„აღნიშნული მუხლები მდგომარეობს შემდეგში - 10 000 ლარის ზევით სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის დაწესებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უქმდება, აღნიშნულისთვის პირი „საგადასახადო კოდექსით“ აგებს პასუხს. ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უქმდება არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე საქონლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის. მოგეხსენებათ, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება შემოღებულია მინერალურ, მტკნარ და გაზიან წყლებზე“, - განაცხადა ძნელაშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესს ექნება საშუალება აღნიშნულ კანონპროექტს უფრო დეტალურად გაეცნოს და მოგვაწოდოს თავიანთი პოზიციები.
„ბიზნესის მხრიდან ხშირად ისმებოდა აღნიშნული საკითხი, ვინიდან გაზრდილია ბრუნვების მოცულობა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის 50 000 ლარიანი ზღვარი არის ძალიან ადრე დაწესებული, იგი ვეღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ბიზნესი ხშირად სვამდა ამ საკითხს, რომ ეს ზღვარი გაზრდილიყო. ეს არის გაზრდილი გონივრულ ფარგლებში“, - განაცხადა ძნელაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, კანონპროექტის თანახმად, შეჩერებული მშენებლობების წახალისების მიზნით დაწესებული დღგ-ს შეღავათის 3 წლიანი ვადა დამატებით გაიზრდება კიდევ 2 წლით, ანუ 2020 წლის პირველ იანვრამდე გავრცელდება დღგ-ს შეღავათი. ასევე აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ლუდზე აქციზის ჰარმონიზებას.
„ლუდზე აქციზის განაკვეთი დღეს დადგენილია ფიქსირებული განაკვეთით, ამიერიდან დადგენილი იქნება მასში ალკოჰოლის მიხედვით, რაც მეტ საშუალებას მისცემს კომპანიებს მოქნილი საფასო პოლიტიკა იქონიონ და ალკოჰოლის შემცვლეობის მიხედვით თვითონ არეგულირონ გადასახდელი გადასახადის ოდენობა. ასევე აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს სტიქიური უბედურებების, მათ შორის, დაუძლეველი ძალის შედეგად დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასულობების ჩამოწერის გამარტივებული წესის დადგენას. მოგეხსენებათ, რომ ეს პრობლემური საკითხი იყო, როდესაც ხდებოდა ხანძარი, ან წყალდიდობა და ხდებოდა განადგურება ან დაკარგვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ბიზნესი ამ ფასეულობების ჩამოწერას ვერ ახერხებდა და უწევდა აღნიშნული გადასახადების გადახდა“, - განაცხადა ძნელაშვილმა.