აშკარაა, რომ მთავრობა საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ აღდგენას გეგმავს: პარლამენტში უკვე შევიდა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის სახელწოდებაა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
კანონპროექტის მეთერთმეტე მუხლში განსაზღვრულია გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც ყოფილმა მესაკუთრემ ექსპროპრირებული ქონება უნდა გაათავისუფლოს, კერძოდ, მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული - არაუმეტეს 1 თვისა, ხოლო მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას - არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა. ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს და მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება მოითხოვოს.
ამის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოს ნაწილობრივ უბრუნდება ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ ფუნქცია. შეგახსენებთ, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება პრეზიდენტმა თავისი ხელმოწერით 2015 წლის 29 დეკემბერს დაადასტურა. ამ ნორმის გაუქმება ბანკების ასოციაციამ და ბიზნესასოციაციამ თავიდანვე გაასაჩივრეს.
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია აცხადებდა, რომ ახალი მოდელი პრობლემებს კი არ მოაგვარებდა, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებდა. ასოციაციამ მედიის წინაშე საპოლიციო გამოსახლების სტატისტიკაც წარადგინა: 2014 წელს 314 გამოსახლებიდან ბანკების წილი მხოლოდ 3 პროცენტი იყო, ხოლო 2015 წელს - 268 გამოსახლებიდან ბანკების მიერ გამოსახლება 1 პროცენტს არ აღემატებოდა.
ბიზნესასოციაციისა და ბანკების ასოციაციის წარმომადგენელმა, ლევან ალაფიშვილი, „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ აღდგენა დადებითი ჩანაფიქრია:
ლევან ალაფიშვილი - თავის დროზე საპოლიციო გამოსახლების ერთი ხელის მოსმით გაუქმება არაგონოვრული და არასწორი გადაწყვეტილება იყო. მთავრობას და საზოგადოებას ამ ყველაფერში დასარწმუნებლად სულ ცოტა დრო დასჭირდა: კანონის მიღებიდან ერთ თვეში მთავრობის კანცელარიასთან იპოთეკით დაზარალებულთა აქცია გაიმართა, რომლებიც ამბობდნენ - ჩვენ კანონის შეცვლას კი არა, საკუთრების უფლების დაბრუნებას ვითხოვდითო...
საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით პირველ რიგში სახელმწიფოს შეექმნა სერიოზული პრობლემები პრივატიზაციის პროცესში, რადგან იმ შენობებიდან და მიწის ნაკვეთებიდან, სადაც უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობდნენ, მათ გამოსახლებას ვეღარავინ ახერხებდა. ე.წ. ექსპროპრიაციის კანონი ზიანის მომტანი აღმოჩნდა მთლიანად ქვეყნისთვის. ალბათ, ამიტომ დაიწყეს მსჯელობა უფრო ეფექტიანი გზების გამოძებნაზე და თავისთავად გაჩნდა ახალი მექანიზმის მიღების საჭიროება.
ლევან ალაფიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ჩვენი სასამართლო ძალიან გადატვირთულია, უნდა არსებობდეს ალტერნატიული საშუალება, რომელიც მოქალაქეების საკუთრების უფლებას დაიცავს. მესაკუთრე არ უნდა ზარალდებოდეს ხანგრძლივი სასამართლო პროცესებით, დამატებითი ხარჯის გაწევით და დროულად უნდა შეეძლოს თავისი სიმართლის დამტკიცება.
ლევან ალაფიშვილი: მარტივ მაგალითს მოვიყვან - ვთქვათ, მე მაქვს სახლი, რომელიც გარკვეული ვადით გავაქირავე და ამ ვადის გასვლის შემდეგ მდგმური ჩემს სახლს არ ტოვებს. მე მომიწევს სასამართლოში საჩივრის შეტანა, სამი ინსტანციის გავლა და სამართალწარმოების ხარჯების გაღება, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო და საკუთარ ბინაში უკანონოდ მცხოვრები ადამიანი გამოვასახლო. ამას შეიძლება 2-3 წლის შემდეგაც ვერ მივაღწიო, რადგან სასამართლომ საქმე დროულად ვერ განიხილოს. დამერწმუნეთ, სასამართლოს ჩარევა ამ პროცესში საქმეს კი არ აადვილებს, უფრო ართულებს. ამით სახელმწიფოსაც ექმნება დაბრკოლება: ვთქვათ, ბიზნესს, ან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს რაღაც აქტივი, რომელსაც ღირებულება აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ იქ ვიღაც უკანონოდ არის შეჭრილი, თავის აქტივს ვერ იყენებს, ეს კი ცუდად აისახება საერთო-ეკონომიკურ სიტუაციაზე. პრობლემა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, მასშტაბურია და მისი გადაწყვეტისთვის სრულიად ახალი, ქმედითი მექანიზმი უნდა შემუშავდეს.
ამ მტკივნეული საკითხის შეფასება ეკონომიკის დოქტორ, პროფესორ დავით ასლანიშვილსაც ვთხოვეთ:
-ფაქტია, რომ ბიზნესს ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შემდეგ პრობლემები ექმნება. ჩვენს სასამართლოს ათასობით საქმე აქვს განსახილველი, რაც წინაპირობას ქმნის, რომ სამართლის აღსრულება დროულად ვერ ხერხდება. ბუნებრივია, ამის გამო ინვესტორებიც თავს შეიკავებენ საქართველოში თანხის დაბანდებისგან. თუ კომერციული ბანკი გასცემს სესხს უძრავი ქონების უზრუნველყოფით და ამ თანხას უკან ვეღარ იბრუნებს, ესეც უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და რეიტინგზე.
დავით ასლანიშვილის თქმით, სახელმწიფომ ამ საკითხის გადაწყვეტისას კიდევ ერთი ასპექტი უნდა გაითვალისწინოს - მოქალაქეების მძიმე სოციალური მდგომარეობა:
დავით ასლანიშვილი
- ჩვენი მოსახლეობა იძულებულია ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთით აიღოს სესხი ბანკებიდან, ან მიკროსაფინანსო ორანიზაციებიდან, სადაც განაკვეთები ძალზე მაღალია. როდესაც ადამიანი აგირავებს თავის საცხოვრებელ ბინას, ან ოჯახის წევრი ჰყავს ავად, ან რაღაც გაჭირვება აქვს და ვალს სოციალური პრობლემების გამო ვერ ისტუმრებს. წინა ხელისუფლების დროს კანონი ამ ადამიანების მიმართ ძალიან მკაცრი იყო - მათ პირდაპირ ქუჩაში ჰყრიდნენ, რაც მძიმე სოციალურ ფონს ქმნიდა, ახლა კი, მეორე უკიდურესობა მივიღეთ: საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ კერძო ბიზნესის ინტერესები ერთიანად შელახა. მაგალითად: შეგიძლიათ აიღოთ სესხი ბანკიდან, არ გადაიხადოთ და ყველაფერი შეგრჩეთ, რაც უარყოფითად მოქმედებს საფინანსო სფეროში არსებულ სიტუაციაზე.ექსპერტის შეფასებით, სწორი მიმართულებაა, რომ გამსესხებლის ინტერესები არ უნდა დაირღვეს, მაგრამ მსესხებელსაც უნდა მივცეთ გონივრული ვადა, რომ გამოსახლებამდე დროებითი თავშესაფრის მოძებნა შეძლოს:
დავით ასლანიშვილი - თუ ადამიანი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო თანხას ვერ იხდის, შეიძლება სახელმწიფომ უფრო მეტი მოვალეობა აიღოს თავის თავზე და რაღაც შეღავათი გაუწიოს. თუ ეს მრავალშვილიანი, ან სოციალურად დაუცველი ოჯახია, სახელმწიფომ მისთვის დროებითი თავშესაფრის მოძებნა უნდა მოახერხოს, რომ ადამიანები ღია ცის ქვეშ არ დარჩნენ. საპოლიციო გამოსახლება უნდა არსებობდეს, მაგრამ ქვეყანაში არც მესაკუთრის უფლებები უნდა შეილახოს და არც იმ ადამიანისა, რომელიც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია და ვალს ვერ ისტუმრებს. ამ პრობლემის გადაწყვეტისას „ოქროს შუალედის“ დაცვა აუცილებელია.
ხათუნა ჩიგოგიძე