დიმიტრი ქუმსიშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს უწყების 10 წლის იუბილე მიულოცა

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს უწყების 10 წლის იუბილე მიულოცა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, პირველი ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით, შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებს მიესალმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს იცავენ.

”განსაკუთრებული პატივისცემით მინდა მივესალმო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით, მსურს ხმა მივაწვდინო შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახლა, ამ წუთებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს იცავენ”, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული სამსახურის 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის როლი ქვეყნის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. კერძოდ, საუბარია ეკონომიკური და ღია მმართველობის რეფორმების მიმართულებით შემოსავლების სამსახურის ჩართულობაზე. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმა ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო-ფისკალური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ბიზნესის მხრიდან მეტი ინვესტიციების განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

„მოგების გადასახადის წარმატებული რეფორმა მეტწილად დამოკიდებულია მის იმპლემენტაციაზე. ამდენად, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ შემოსავლების სამსახურმა ბევრი შეხვედრა გამართა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვეღო 50 000-ზე მეტი დეკლარაცია,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრის თქმით, სამომავლოდ იგეგმება ბიზნესისადმი მეგობრული არაერთი კანონის მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს საქმიანი გარემოს გაუმჯობესებას.