სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეალურად მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, უქმდება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მმართველი პარტიის წინასარჩევნო დაპირება იყო. მისივე განცხადებით, გადასახადებისგან თავის არიდების მიმართულებით ზღვარი იზრდება - 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ის 150 000 ლარით განისაზღვრება.
მინისტრმა ასევე მოიყვანა ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2010-2012 წლებთან შედარებით, 2015-2016 წელს პრაქტიკულად 10-ჯერ ნაკლები პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში შესაბამისი მუხლით და პრაქტიკულად სამჯერ ნაკლები საქმე აღიძრა.
„ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გვაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული მუხლი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულიდან ადმინისტრაციულ დანაშაულში გადავიტანოთ და შესაბამისად, ადამინებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ შეასრულონ თავიანთი ნაკისრი ვალდებულებები. ასევე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეალურად მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიზნით, მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი საშუალებას იძლევა, რომ გადამხდელმა თანდათან დაფაროს ვალდებულებები და შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა და გააჯანსაღოს ბიზნესი. „ჩვენ მათ კიდევ არაერთ საკანონმდელო ინიციატივას მოვამზადებთ, რათა გადამხდელმა საქმიანობა უფრო მეგობრულ გარემოში განახორციელოს და ნაკლები დრო დახარჯოს საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობაში“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციისას.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეეხება სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებულ დარღვევებს; სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება; მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას ზედნადების მიღებაზე უარი - თუ საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს; აგრეთვე, სისხლის სამართალი აღარ გავრცელდება ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორებიცაა არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - თუ არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რეალურად, ეს ცვლილებები უკვე გატარებულია და საჭიროა მათი ასახვა საკანონმდებლო დონეზე.
ბოლო წლების განმავლობაში, ამ ტიპის დანაშაულზე პატიმრობა ფაქტობრივად აღარ გამოიყენება: თუ 2010-2011 წლებში მსგავსი სამართალდარღვევისთვის 31 პირი დააპატიმრეს, 2015-2016 წლებში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა. საკანონმდებლო ცვლილებებით, ზედნადების გარეშე 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება. ამის ნაცვლად, სამართალდამრღვევი 10 000 ლარით დაჯარიმდება.