საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
„ამ საკითხზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით. მნიშვნელოვანია, როგორც ლუდის, ისე სპირტიანი სასმელების დაბეგვრა. აღნიშნული ნაბიჯით, ამ შემოთავაზებით ჩვენ, პრაქტიკულად, ვუახლოვდებით ევროკავშირის კანონმდებლობას და შესაბამისად, ჩვენ წარმოებას ვაძლევთ შესაძლებლობას, რათა განვითარდეს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სპირტიანი სასმელების აქციზით დაბეგვრა განხორციელდება მასში ალკოჰოლის შემცველობიდან გამომდინარე - ლუდის შემთხვევაში, ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო ეთილის სპირტის შემცველ საქონელზე - სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით.