საქართველოს მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესი დაამტკიცა.
წესი განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა და გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელეთა წახალისების საფუძვლებს, წახალისების ფორმებს, მოხელეთა წახალისებაზე წარდგენისა და წახალისების წესს.
მთავრობის დადგენილების თანახმად, შეფასების შედეგების შესაბამისად, წესდება მოხელის წახალისების შემდეგი ფორმები: მადლობის გამოცხადება, ფულადი ჯილდოს მიცემა და ფასიანი საჩუქრის მიცემა.
პირს, რომლის მიმართაც წახალისების ფორმად გამოყენებულ იქნება მადლობის გამოცხადება, გადაეცემა მადლობის სიგელი, რომელიც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება. ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო ფასიანი საჩუქარი გაიცემა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში. ამ მუხლის მიხედვით კი, საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.
აღსანიშნავია, რომ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნას წახალისების რამდენიმე ფორმა.
საჯარო მოხელის წახალისების წესი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.