შრომის ინსპექციის დაკავშირება, რომ ეს არის პანაცეა შრომის უსაფრთხოების პრობლემის გადასაწყვეტად, აბსოლუტურად არასწორია , - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.
"სამწუხაროდ, ჩვენ ყოველწლიურად 50-დან 60 ადამიანამდე გვეღუპება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო და ასეა ბოლო 15 წლის განმავლობაში.
შრომის ინსპექციის დაკავშირება, რომ ეს არის პანაცეა, ამ პრობლემის გადასაწყვეტად, აბსოლუტურად არასწორია. არსებობს მთელი რიგი ეშელონები მექანიზმების, რომლებმაც უნდა დაიცვას ადამიანები და გააკონტროლოს შრომისათვის უსაფრთხო გარემო", - განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, დღესაც არსებობს მათ შორის "სისხლის სამართლის კოდექსში" 240-ე მუხლი, სადაც ჩაწერილია კონკრეტული პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე.
"ჩვენდა სამწუხაროდ, პრობლემა არის ის, რომ ამ მუხლით დაწყებული საქმეებიდან, 60 გამამტყუნებელი განაჩენიდან არცერთ შემთხვევაში არ დადგა საპატიმრო სასჯელი. ყველა დამთავრდა შეთანხმებით, ან კომპენსაციით. გასაგებია, რომ დაზარალებულის ოჯახს ურჩევნია კომპენსაცია, ვიდრე ადამიანის საპატიმროში ჩასმა, რომელიც არის დამნაშავე, რომ არ დაიცვა შრომის უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ ეს უკვე პრობლემას ქმნის ეფექტიანი პრევენციის, როდესაც შიში არ არის საპატიმრო სასჯელის. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არა შრომის ინსპექციის არსებობა თუ არარასებობა. თუმცა, შრომის ინსპექციას თავისი დიდი როლი აქვს პრევენციის კუთხით", - განაცხადა ზოიძემ.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შრომისა და დასაქმების შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს.