iPhone7-ის გამოშვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მომხმარებელი უკვე ელის ახალ მოდელს, რომელიც როგორც მოსალოდნელია, ბევრი სიახლით იქნება გამორჩეული.
iPhone8-ის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ტელეფონს კიდეებში მოღუნული ეკრანი ექნება და მთლიანად მოიცავს წინა ნაწილს. ამასთან, ტელეფონის ჩარჩოს სისქე მხოლოდ 4 მილიმეტრი იქნება, საიდანაც 2.577 მილიმეტრს ეკრანის კიდეები დაიკავებს. ტელეფონის უკანა მხარეს, ორი კამერა ვერტიკალურად განლაგდება.
ტრადიციულად, Apple უახლეს „აიფონებს“ ბაზარზე სექტემბრის პირველ ნახევარში წარადგენს ხოლმე, რაც კარგი დროა წინასაშობაო სავაჭრო სეზონისთვის. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად კომპანია ამ ტრადიციას დაარღვევს და ახალ „აიფონს“ უფრო ადრე გაგვაცნობს. სავარაუდოდ, ეს ივნისში მოხდება. მაშინვე დაიწყება „აიფონ 8“-ის წარმოება.
რაც შეეხება ფასს, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ახალი ტელეფონი ყველაზე ძვირი „აიფონი“ გახდება. მისი ფასი 1 000 დოლარზე მეტი იქნება. თუმცა, ამ ინფორმაციას ამერიკული კომპანია ჯერჯერობით არ ადასტურებს. იმავე წყაროს ცნობით, Apple წელს სამი ტელეფონის გამოშვებას აპირებს. მათგან ერთი იქნება „აიფონ 8“ 5.8-დუიმიანი ეკრანით, მეორე „აიფონ 7S პლუს“ 5.5-დუიმიანი ეკრანით და „აიფონ 7S“ 4.7-დუიმიანი ეკრანით. ამათგან მერვე მოდელს OLED (შუქდიოდური) ეკრანი ექნება. სწორედ ესაა მკვეთრად გაძვირების მიზეზი, რადგან ასეთი ეკრანი ორჯერ ძვირია LCD ეკრანებზე, როგორებსაც Apple ამჟამად იყენებს. გაიზრდება ტელეფონის მეხსიერების მოცულობაც.
მიმდინარე წელს iPhone-ის წარმოების დაწყებიდან 10 წელი სრულდება. სტივ ჯობსმა პირველი „აიფონი“ ბაზარზე 2007 წლის 9 იანვარს წარადგინა, კომპანიამ მისი გაყიდვა კი 29 ივნისს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა ბევრი ტექნოლოგიური სიახლე მერვე „აიფონისთვის“ გადაინახა, რომლის პრემიერასაც პირველი „აიფონის“ გამოსვლიდან 10 წლის იუბილესთვის გეგმავს.