ხვალ „ექსპო ჯორჯიაში“ მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - CTF’17 - Caucasus Tourism Fair გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად მხარდამჭერია კავკასიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, რომელიც „ექსპო ჯორჯიაში“ იმართება.
„წლევანდელი წელიც გამორჩეული იქნება იმით, რომ წარმოდგენილი იქნებიან როგორც საერთაშორისო ტურისტული კომპანიები და ტუროპერატორები, ასევე ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სფეროში მოღვაწე სასტუმროები, კომპანიები და ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკვე მესამე წელია ზედიზედ ამ ღონიძიებას ემთხვევა ფასდაკლებების ფესტივალი, რაც ეს არის დამატებითი არგუმენტი და სტიმული იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეღავათიანი პირობებით იმოგზაურონ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე სტენდით იქნება წარმოდგენილი, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების, ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაცია მოხდება. ასევე გაიმართება პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, უკვე მესამედ, ტურისტული ფასდაკლების ფესტივალი ჩატარდება. დამთვალიერებლები, კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით, დასვენებისა და მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას შეძლებენ.
გამოფენის და ტურისტული ფესტივალის მონაწილეები იქნებიან - საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები, ავია სააგენტოები და სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურ-ოპერატორები, ტურისტული და სამოგზაურო ინვენტარის კომპანიები, ბიზნეს, სათავგადასავლო და ეკო ტურისტული და საკონსულტაციო კომპანიები.
გამოფენის ორგანიზატორია საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ხოლო მხარდამჭერები - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, Welcome To Georgia! National Tourism Awards.
მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“ 27-29 აპრილს გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას 9 ქვეყნის 3 527 ვიზიტორი ჰყავდა. მონაწილეთა 92% ვიზიტორთა კვალიფიკაციას დადებითად გამოეხმაურა, ხოლო 84%-მა 2017 წელს გამოფენაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.