რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს გრიგოლ კამკამიძეს უფლებამოსილება შეუწყდა. რუსთავის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება ცნობად მიიღო, რის საფუძველზეც გრიგოლ კამკამიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ განაცხადა, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გრიგოლ კამკამიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ამასთან ერთად, მას 20 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
,,ჩვენ ცნობად მივიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილება და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გრიგოლ კამკამიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა“, - განაცხადა დავით მაღლაკელიძემ.
ქალაქ რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე გრიგორ კამკამიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2016 წლის ზაფხულში ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.