ბოლო სამკვირიანი ვარდნის შემდეგ, ამერიკული დოლარის ინდექსმა ზრდა აჩვენა.
ამ მომენტისთვის, მისი მაჩვენებელი 99.00-ს ასცდა და თუ ამ ფსიქოლოგიურ ზღვარს ზევით დამკვიდრება შეძლო, აღმასვლის გაგრძელების შანსს შეინარჩუნებს.
დოლარის ინდექსმა გადააჭარბა 98.50 დონეს, სადაც ბოლოს ნოემბერში იმყოფებოდა. მისი დაცემა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ გლობალურ ბაზრებზე, რისკიან აქტივებზე მოთხოვნა გაიზარდა. ასეთ აქტივებს შორისაა ძირითადი ვალუტების უმეტესობა (იენის გამოკლებით), რომლებთან წყვილებშიც, ამერიკული ვალუტის ინდექსი ყალიბდება.
რისკებისადმი ბაზრების მადა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში უპირატესობას ემანუელ მაკრონმა მიაღწია. ანალიტიკოსები ელიან, რომ პროევროპული კანდიდატი მეორე ტურშიც შეძლებს საფრანგეთის ევროკავშრიდან გასვლის მოსურნე მარინ ლე პენის დამარცხებას. ეს კი რისკიანი აქტივებისკენ ინვესტორთა ლტოლვას აძლიერებს.
ამ ეტაპზე, ინვესტორების ყურადღება მიპყრობილია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან მე-100 დღისთვის არსებული ანგარიშისკენ. გარდა ამისა, არ ჩამცხრალა დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით. ეკონომიკური კუთხით, ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები ხუთშაბათს და პარასკევს გამოქვეყნდება. ხვალ გამოქვეყნდება ამერიკაში ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების მაჩვენებლები (ეს მაჩვენებელი გავლენას ახდენს ინფლაციაზე), ზეგ კი შტატები და ბრიტანეთი, მშპ-ის კვარტალურ მაჩვენებლებს, ევროკავშირი კი სამომხმარებლო ფასების ინდექსს გამოაქვეყნებს.