საქართველოს მოლდოვას ბიზნეს-დელეგაცია ეწვევა, რომელსაც მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა უხელმძღვანელებს.
როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იუწყება, დელეგაციის შემადგენლობაში 10 მოლდოვური კომპანიის წარმომადგენლები არიან, რომელთა მიზანიც საქართველოს ბიზნესსექტორთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაა. ვიზიტის ფარგლებში ხვალ გაიმართება საქართველო-მოლდოვას ბიზნესფორუმი, სადაც კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მოლდოვას ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: სასოფლო-სამეურნეო სფერო, კონსალტინგი, ტექსტილი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი, სამშენებლო კონსტრუქციები და სხვა.
ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მოლდოვას რესპუბლიკის ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს (MIEPO) ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაზე სიტყვით მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გიორგი ჩერქეზიშვილი გამოვლენ. ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის ორმხრივი შეხვედრების გამართვამდე ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მოლდოვას თავისუფალი ეკონომიკური ზონა BALTI-ის, მოლდოვას რესპუბლიკის ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის ორგანიზაციისა (MIEPO) და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციები. მხარეები ღონისძიების მონაწილეებს ორი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს წარუდგენენ. ქართული მხრიდან მოლდოველი ბიზნესპარტნიორის მოძიების მიზნით B2B შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 40-მდე კომპანიამ გამოთქვა.