კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით, 2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 307.4 მილიონი ლარით (1.6%-ით) შემცირდა და 2017 წლის პირველი აპრილისთვის 18.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი საკრედიტო დაბანდების მოცულობა გასულ თვეში 1.8%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 396.6 მილიონი ლარით (5.8%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 704.1 მილიონი ლარით (5.9%-ით) შემცირდა. (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.1 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.6%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.2 მილიარდი ლარის (4.4%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით მეტი).
მიმდინარე წლის მარტის განმავლობაში 0.7%-ით ანუ 63.2 მილიონი ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 9.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
2017 წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.07 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 1.46 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.