პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ ფინანსურ-საგადასახადო ინიციატივებს მხარი არ დაუჭირა.
ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ კომიტეტს ამ მიმართულებით შვიდი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა.
საკანონმდებლო ინიციატივები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ასევე გათვალიწინებულია საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის იმ ზედა ზღვარის გაზრდა, რომლის მიხედვით, გადასახადის დიდი ოდენობით თავის არიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პირს პასუხისმგებლობა მაშინ დაეკისრება, თუკი თანხა 500 000 ლარს აღემატება.
როგორც გოცირიძემ განმარტა, წარმოდგენილი ინიციატივები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 60 მილიონი ლარით შეამცირებს, თუმცა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესს.
კომიტეტმა რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი არ დაუჭირა.