23 აპრილის ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს.
რამდენი ოჯახი დაზარალდა, რა თანხას მოიცავს მიყენებული ზიანი და რა ფორმით დაეხმარება მთავრობა გურიის მოსახლეობას, ამ საკითხებზე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონის მაჟორიტარს, ნინო წილოსანს ვესაუბრეთ:
- როგორც ჩვენთვის ცნობილია, მთავრობა გურიაში მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. რა თანხაზეა საუბარი?
- მთავრობამ ჩემთვის ძალიან სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო - სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ. ჩემი ინფორმაციით, ზარალის ოდენობა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობის გვერდით არის და მათ ტკივილს იზიარებს, რაც ჩემთვის სასიხარულოა.
- რამდენი ოჯახი დაზარალდა სტიქიის შედეგად?
- სტიქიის შედეგად ორივე მუნიციპალიტეტში დაზიანდა 200-ზე მეტი კერძო სახლი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა. იმ დღესვე მოხდა თითოეულ რაიონში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება, შეიქმნა შესაბამისი კომისიები. კომისიის წევრებმა ზარალის აღწერა მოახდინეს, რომლის შესახებ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა და მთავრობაზე გავიდა. მე პირადად მოვინახულე დაზარალებული ოჯახები. სამწუხაროდ, სტიქიის შედეგად ერთი სახლი სრულად იყო დანგრეული. უმეტეს შემთხვევაში დაზიანებულია სახლების სახურავები, კედლები.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, როდიდან დაიწყება ზარალის ანაზღაურება?
- ზუსტი თარიღი მაშინ გამოცხადდება, როცა მთავრობის განკარგულება ოფიციალურად გამოიცემა. გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ორივე მუნიციპალიტეტში, ჩემი ინიციატივით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანხები სამართლიანად განაწილდეს და პროცესი გამჭვირვალედ და ეფექტურად წარიმართოს.