სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი ხვალ გამოცხადდება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრის თქმით, სატენდერო კრიტერიუმებში მთავარ მოთხოვნებს წარმოადგენს ფასი და ხარისხი.
"ტენდერი გამოცხადდება პარასკევს. კრიტერიუმები იქნება ფასი და ხარისხი. ხარისხი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ლაბორატორიის შესაბამისობის სერთიფიკატი. რაც შეეხება ქართულ ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. დაფინანსება 5 ძირითად ქრონიკულ დაავადების სამკურნალო პრეპარატებს შეეხება. ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისხლძარღვების დაავადება; დიაბეტის მეორე ტიპი, რომელიც ტაბლეტური მკურნალობის ფორმას მოითხოვს; ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ფარისებრი ჯირკვილის დაავადებები.
დაფინანსების კომპონენტი ხელმისაწვდომი ზაფხულიდან იქნება.