მიმდინარე წლის ზაფხულიდან უმწეო ოჯახები და მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, ესენციური (აუცილებელი) მედიკამენტებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
ამის შესახებ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას ჯანმრთელობისა და შრომის დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ესენციური მედიკამენტებით სარგებლობის უფლება ექნება 670 ათას ადამიანს, თუმცა მედიკამენტებს მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები მიიღებენ და მათი სარგებლობა უშუალოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით იქნება შესაძლებელი.
„ქრონიკული დაავადება რამდენს აქვს, ამას ოჯახის ექიმი საზღვრავს. ოჯახის ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა, დარწმუნდეს, ესაჭიროება ესა თუ ის მედიკამენტი. ოჯახის ექიმზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მოქალაქე მედიკამენტს“, - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.
1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. დაფინანსება 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატებს შეეხება. ეს დაავადებებია:
მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონარული სისხლძარღვების დაავადება; დიაბეტის მეორე ტიპი, რომელიც ტაბლეტური მკურნალობის ფორმას მოითხოვს; ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
დაფინანსების კომპონენტი ხელმისაწვდომი ზაფხულიდან იქნება.