ტურისტული კომპანიები ევროპის მიმართულებებით ავიაბილეთებზე მოთხოვნისა და ღირებულების ზრდაზე საუბრობენ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია INEX TRAVEL-ის თანადამფუძნებელმა სანდრო ქავთარაძემ განუცხადა, ევროპის მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, დაახლოებით 10-15%-ით არის გაზრდილი ავიაბილეთების ფასიც.
როგორც ქავთარაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მოთხოვნის ზრდა ძირითადად განპირობებულია სეზონის მოახლოებითა და ვიზალიბერალიზაციით, რამაც პროცედურები გაამარტივა და მოქალაქეებს ახლა უფრო უპრობლემოდ შეუძლიათ გამგზავრება.
„აქამდე თუ პროცედურები საკმაოდ რთული იყო და გამგზავრებისას მოქალაქეებს გარკვეული ბარიერები ექმნებოდათ, ახლა ეს პრობლემა მოხსნილია და სავარაუდოდ, ავიაბილეთებზე მოთხოვნის ზრდაც ამან გამოიწვია. ჩვენი დაკვირვებით მოთხოვნა დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება პოპულარულ მიმართულებებს ევროპაში, გამოირჩევა გერმანია, პოლონეთი, ჰოლანდია, ჩეხეთი“, - აცხადებს ქავთარაძე.
ევროპის მიმართულებებზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ კომპანია OK TRAVEL-შიც და აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით ახალგაზრდები გამოირჩევიან.
ამასთან, როგორც კომპანიის ტურმენეჯერმა მონიკა ლათიბაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ევროპის ტურებზე ავიაბილეთების ფასები უკვე 20-30%-ით გაიზარდა.
„სავარაუდოდ, ვიზალიბერალიზაციის გავლენით, ევროპაში გამგზავრების მსურველთა რაოდენობის ზრდა უკვე შეინიშნება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სეზონი მაისის ბოლოდან უფრო გააქტიურდება, მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდა არის მოსალოდნელი.
„რაც შეეხება მიმართულებას, განსაკუთრებით პოპულარულია იტალია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მილანის, რომის, ვენეციისა და ფლორენციის გარდა, მოთხოვნა იზრდება სხვა ქალაქებზეც, მაგალითად ნეაპოლში, ასევე ზღვის სანაპიროებზე,“-აღნიშნა ლათიბაშვილმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან ევროკავშირის შენგენის ზონაში (90 დღის განმავლობაში) უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. რაც გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას მოიცავს.
თაია არდოტელი