რა ბედი ეწევა თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებს

დაუსრულებელი მშენებლობისგან არაერთი მოქალაქე დაზარალებულა. ისინი, იმ პირობით, რომ ბინებს კონკრეტულ ვადებში მიიღებდნენ, გარკვეულ თანხებს იხდიდნენ, თუმცა ბევრი მათგანი შესრულებული პირობის გარეშე დარჩა. დაუსრულებელი მშენებლობების ბოლოდროინდელი ყველაზე აქტუალური მაგალითია "ცენტრ პოინტის" ბინები.

თუმცა, ამ კომპანიის გარდა, დედაქალაქში და არამხოლოდ, ხშირად შეხვდებით ნახევრადაშენებულ შენობებს. სწორედ დაუსრულებელ მშენებლობებს ეხება მთავრობის მორიგი ინიციატივა, რომელიც გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს.

კერძოდ, იმ კომპანიებისთვის, რომელთაც მშენებლობა ვერ დაასრულეს, საგადასახადო კოდექსში შეღავათები შევა, რომლის მიხედვითაც დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ორი წლით გახანგრძლივდება - აღნიშნული ცვლილებები მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.

მიუხედავად დაუსრულებელი მშენებლობების შესახებ გახმაურებული საქმეებისა, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, 2010 წლის შემდეგ თბილისში დაახლოებით 240 დაუსრულებელი მშენებლობა იყო, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. მისი განმარტებით, მშენებლობის შეჩერება ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, - "ძირითადად, ეს დაფინანსების შეწყვეტის, გაყიდვების არ არსებობის, დამკვეთის მიერ მშენებლობაზე უარის თქმა და მსგავსი მიზეზებია," - განმარტავს როსტომაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 240 მშენებლობას შეჩერების განსხვავებული მიზეზები და პრობლემები ჰქონდათ, -"ბინები აღარ იყიდებოდა. მოსახლეობა, ვისაც უკვე ნაყიდი ჰქონდა ბინები და ყოველთვიურად განვადება უნდა გადაეხადათ, ესეც შეწყვიტეს. დაფინანსებას არც ბანკები აგრძელებდნენ," - აღნიშნავს მენაშენეთა ასოციაციის თამვჯდომარე.

რაც შეეხება დაუსრულებელი მშენებლობების შესახებ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების ორი წლით გახანგრძლივება იმიტომ ხდება, რომ ბევრმა კომპანიამ მშენებლობის დასრულება კონკრეტულ ვადებში ვერ შეძლო, - "იურიდიული საკითხების მოგვარებაში ძალიან ბევრი დრო დაიკარგა და ამ კომპანიებმა მიმართეს მთავრობას, რომ ვადა გადაეწიათ," - განმარტავს ის. განაგრძეთ კითხვა